საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღეა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ვერ ამჩნევს და მიაჩნია, რომ ნელ-ნელა უფრო უარესდება.
„უკეთესობისკენ არა, ნელ-ნელა უფრო უარესდება. ისტორია აქვს ამას უკვე. პირველად ნიკა გვარამია გამოვიდა და თქვა, რაღაც არაადეკვატურიაო და მე ვიფიქრე, რას იგონებს, მერე უკრაინელი ადვოკატი, მეთქი რას იგონებენ, რადგან მეც მყავდა ნანახი და ვიფიქრე, რას იგონებენ. დღეს მეუფე ნიკოლოზმა იგივე გაიმეორა, და ეს უკვე ბოლო დღეებში რაც შევამჩნიე. ჩემი აზრით, პირველ დღეებში გაუმჯობესება იყო, მაგრამ ბოლო რამდენიმე დღეა, ამ გაუმჯობესებას მე ვერ ვხედავ.
უფრო სუსტად არის, ურჩევნია, იწვეს და ისეთი ვეღარ არის, როგორიც იყო. ეს არ იყო დაღლა, ეს უფრო მედიკამენტოზურია. მერე ითქვა კიდეც, რომ მას დანიშნული ჰქონდა რაღაც პრეპარატი, რომელიც ფსიქიურად დაავადებულებს ენიშნება. აქ დაუნიშნეს, მაგრამ პირველად იყო მცირე დოზით, როგორც მოვისმინე, 25 მილიგრამი, შემდეგ ნელ-ნელა გაიზარდა. როცა პროცესი ახლოვდებოდა, სადღაც შაბათს უკვე ორი ექიმი იყო მოსული, გაოგნებული დარჩნენ, რადგან დოზა ავიდა 200-ზე და შემდეგ დღეს უკვე უნდა ყოფილიყო 400. ნიკოლოზ ყიფშიძემ და ოთარ თოიძემ აღარ იცოდნენ, რა ექნათ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
გიული ალასანიას განმარტებით, აღნიშნული წამალი მიხეილ სააკაშვილს თითქოსდა დაენიშნა ძილის მოსაწესრიგებლად, თუმცა სასამართლო პროცესის მოახლოების პარალელურად დოზების გაზრდამ სხვა შთაბეჭდილება დატოვა.
„ეს დაინიშნა აქ, ვითომ ძილის მოსაწესრიგებლად, მაგრამ შემდეგ დოზის გაზრდა უკვე ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მიზნამიმართულად იყო, რადგან პროცესი აახლოვდებოდა. როგორც ჩანს, გათვლა იყო და ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ წარდგებოდა პროცესზე, როგორც ექიმები ამბობენ. როგორც ჩანს, პირველი 25 მილიგრამიანი მიიღო რუსთავში, დოზის გადიდება ხდებოდა აქ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
გიული ალასანია თქმით, სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით ექიმებმა უნდა დადონ დასკვნა, თუმცა თავად მიაჩნია, რომ ახლა მდგომარეობა გაუარესებულია.
„მიჩნდება ათასნაირი ეჭვი, რა ასუსტებს ამ ადამიანს. ვხედავ, რომ არ უმჯობესდება მდგომარეობა. მე ვერ ვიტყვი ექიმებზე ვერაფერს, კარგი პროფესიონალები არიან ვიცი, ამიტომ ვერავის ვერაფერს დავაბრალებ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის სისუსტე დაემთხვა იმ დღეებს, როცა წამლების დოზის გაზრდა მოხდა.