დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გია თორთლაძე "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელ მამუკა კაციტაძეს რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებას სთხოვს.
თორთლაძე კაციტაძეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დღეს გამართული კონსულტაციების დაწყებისას დაუპირისპირდნენ.
კონკრეტულად, თორთლაძემ კაციტაძისგან ახსნა-განმარტება იმ განცხადებასთან დაკავშირებით ითხოვა, რომელშიც "ახლების" წარმომადგენელმა "დემოკრატიული პარტიის" ლიდერი და პაატა დავითაია ხელისუფლებასთან ალიანსში ადანაშაულებდა.
კაციტაძემ თორთლაძის გამოსვლა უპასუხოდ დატოვა და მას მხოლოდ "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილმა განუმარტა, რომ "კონსულტაციები ამ საკითხზე საუბრისთვის შესაფერისი დრო არ იყო".
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და რვა ოპოზიციურ პარტიას შორის საარჩევნო კოდექსის დახვეწაზე დახურული კონსულტაციები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.