აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აფხაზეთის მთავრობის მედია-ცენტრიდან აცნობეს,
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სამხრეთ-აღმოსავლეთის საზოგადოებრივი კოლეჯის პრეზიდენტ დოქტორ ჯეკ ჰუკთან, ნებრასკის ვიცე-გუბერნატორ რიკ შიჰისთან და ნებრასკის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის დირექტორთან რიჩარდ ბაიერთან.
ქართული სამთავრობო დელეგაცია სამხრეთ-აღმოსავლეთის საზოგადოებრივი კოლეჯის პრეზიდენტთან შეხვედრისას „სამშვიდობო განათლების" საზაფხულო ბანაკის ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავს, რომელიც სავარაუდოდ 2011 წელს ბეატრისის სტუდენტურ დაწესებულებაში მოეწყობა.
შეხვედრისას მხარეები, ასევე, განიხილავენ საქართველოს ნებრასკითა და სამხრეთ-აღმოსავლეთის საზოგადოებრივი კოლეჯით დაინტერესების საკითხსა და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს საქართველოში.
მოეწყობა ტური "სამხრეთ-აღმოსავლეთის საზოგადოებრივი კოლეჯის" ბეატრისის სტუდენტურ დაწესებულებაში, რის შემდეგაც იგეგმება ქართული დელეგაციის ვიზიტი ლინკოლნის სტუდენტურ დაწესებულებაში. "ლინკოლნის ნებრასკის უნივერსიტეტის" დოქტორის დელ ჰარნიშის ორგანიზებით, ასევე მოეწყობა ტური აღმოსავლეთის სტუდენტურ დაწესებულებაში.
20 ნოემბერს კი, ქართული დელეგაცია ჰუმანიტარულ აქციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ლინკოლნში მცხოვრები დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის "სოციალურად დაუცველი პირების ცენტრ"-ში გაიმართება.
ბარამიასთან ერთად აშშ-ში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი და აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრი ნუგზარ სექანიაც იმყოფებიან.