თბილისის საკრებულოს ფრაქცია "დედაქალაქის" წევრის კობა დავითაშვილის განცხადებით, თუ 2011 წლის ბიუჯეტში სკოლის მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების ყიდვის ხარჯები იქნება გათვალისწინებული, ფრაქცია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს დაუჭერს.
ამის შესახებ დავითაშვილმა ფრაქცია "დედაქალაქის" წევრებისა და თბილისი მერის გიგი უგულავას შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
შეხვედრაზე მათ 2011 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
"ჩვენ სამი მთავარი საკითხი დავაყენეთ დედაქალაქის მერთან შეხვედრისას: ჯანდაცვის 100 პროცენტიანი დაზღვევა დაბალშემოსავლიანი პენსიონერებისთვის; სტაჟისა და დამსახურების მიხედვით პენსიის გაზრდა და ყველა მოსწავლისთვის სახელმწიფოს მიერ სახელმძღვანელოების შეძენა. პირველ ორ პროექტზე შეთანხმება არ მოხდა, რადგან ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მესამე საკითხთან დაკავშირებით კი შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თუმცა ამ პროცესის დაწყება დიდ დროს უკავშირდება,"- განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, თუ ეს პროექტი რეალურად განხორციელდა, სახელმძღვანელოები ხელიდან ხელში გადაეცემათ სკოლის მოსწავლეებს, როგორც ადრე ხდებოდა.