მთელმა საზოგადოებამ უნდა იმოქმედოს იმაზე, რომ ეს ადამიანი როგორმე გავიყვანოთ თავისუფლებაზე. სხვა გამოსავალი არ არის - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.
ალასანია საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებს და შვილის გათავისუფლებას ითხოვს.
"ჩვენ ყველამ, მთელმა საზოგადოებამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ეს ადამიანი როგორმე გავიყვანოთ თავისუფლებაზე. სხვა გამოსავალი არ არის. გაოგნებული ვარ იმით, რომ გუშინ მოვისმინე ერთი ბრძენი ადამიანის განცხადება, რომ თურმე, ნუ იტყვით და ამის 50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა ოპოზიციური მოძრაობა. წარმოგიდგენიათ? ეს ვინმეს გაუგია? მე არ ვიცი, ვინ გააკეთა ეს განცხადება, მაგრამ მოვისმინე ეს აზრი. მე ვიცი, რომ მთელი საზოგადოების აქტიურობაა საჭირო. არავითარი შესვენება", - თქვა გიული ალასანიამ.
გიული ალასანია ასევე, ამბობს, რომ მისი შვილი ძალიან შეცვლილია.
"ფერმკრთალია, სუსტადაა, მაგრამ, მთავარია მისი ფსიქოლოგიური განწყობა, ძალიან მძიმეა. ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს გადატანილი. არ არის ის ძველებური ადამიანი, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით... მთლიანობაში არის ადამიანი ძალიან შეცვლილი. უჭირს სიარული", - განაცხადა ალასანიამ.