ფოტო: picture alliance/dpa
გერმანული გამოცემა Bild-ი საქართველოში გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან დაკავშირებით კრიტიკულ სტატიას აქვეყნებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ გერმანიის ელჩი საქართველოს ხელისუფლების აშკარა მხარდამჭერად ითვლება, მისი მეუღლე კი ორმაგ სარგებელბს იღებს, რაც გამოიხატება სამთავრობო კონტრაქტსა და ოლიგარქის უნივერსიტეტში დასაქმებით.
კარიერული დიპლომატი ჰუბერტ ქნირში საქართველოში ელჩად 2018 წლის სექტემბრიდან დაინიშნა. მანამდე ის 4 წლის განმავლობაში მუშაობდა მოსკოვში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის.
სტატიის ავტორის ინფორმაციით, ქნირში არაერთხელ დაადანაშაულეს ცალმხრივ განცხადებებში, ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და მის უკან მდგომი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გავლენის ქვეშ ყოფნაში.
"2020 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტში წარადგინა პოლიტიკოსი (იგულისხმება სოფო კილაძე), რომელიც ჰომოფობად და ქსენოფობად ითვლება, რაც ათობით ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გააპროტესტა. მაგრამ ქნირშმა გააკრიტიკა არა საკამათო კანდიდატი, არამედ სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა ჰომოფობი კანდიდატის მიმართ. შედეგად, გერმანიის ელჩს საჩივრით მიმართა 44 არასამთავრობო ორგანიზაციამ. მასში ნათქვამია, რომ ქნირშმა ძირი გამოუთხარა „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, გამოავლინოს თავდასხმები ადამიანის უფლებებზე და სახელმწიფოს მიერ დემოკრატიული მმართველობის პრინციპების დარღვევა“, - ვკითხულობთ სტატიაში.
სტატიაში მოყვანილია „თბილისი პრაიდის“ ხელმძღვანელის გიორგი თაბაგარის კომენტარი, რომელიც მან BILD-თან გააკეთა:
„ყოველთვის მეგონა, რომ გერმანიის ელჩები იქნებოდნენ ჩემპიონები ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დავის სფეროში.. მაგრამ ამ კუთხით, ბ-ნ ქნირშს ბოლო წლებში რამდენიმე საეჭვო პოზიცია ჰქონდა. განსაკუთრებით იმედგამაცრუებული იყო მისი ღია მხარდაჭერა ქ-ნი სოფიო კილაძის მიმართ, მმართველი პარტიის ყოფილი წევრის მიმართ, რომელიც ცნობილია თავისი ისეთი პოზიციებით, რაც წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებებთან“.
"2020 წელს მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა მომავალ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ზოგიერთი ოპოზიციური პარტიების ცნობით, ქნირშმა მათ სიტყვიერი გარანტია მისცა, რომ „პოლიტპატიმარი“ გიორგი რურუა შეთანხმებით გათავისუფლდებოდა. ოპოზიცია ელჩის სიტყვებს დაეყრდნო, მაგრამ სამი თვის შემდეგ ქნირშმა განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში ბატონი რურუა ნახსენები არ იყო.
საქართველოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ, რომელიც მოლაპარაკებებს პირადად ესწრებოდა, BILD-ს განუცხადა, რომ ბ-ნი რურუა მთავრობასთან შეთანხმების ნაწილი იყო. ხელისუფლებამ სახელის წერილობით ჩაწერა შეთანხმების ტექსტში არ ისურვა. სწორედ ამ მიზეზით გამოიძახეს რამდენიმე ელჩი შეთანხმების შესრულების გარანტირებისთვის.
თინა ბოკუჩამავმ Bild-ს უთხრა, რომ ელჩმა არასწორად წარმოაჩინა სიმართლე, როდესაც „ქართული ოცნების“ ინტერპრეტაციას დაეთანხმა.
2020 წლის ივნისში ქნირში გერმანიის ხელისუფლებას დაუპირისპირდა საქართველოს მთავრობის დასაცავად.
ქნირშის მესიჯი ეწინააღმდეგებოდა ფედერალური პროკურატურის განცხადებას, რომელიც მანამდე აცხადებდა, რომ 2019 წლის აგვისტოში ბერლინში ქართველი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ერთ-ერთი მოტივი იყო მისი „ოპოზიციური განწყობა საქართველოს პრორუსული მთავრობისადმი“.
ქნირშმა ფეისბუქზე დაწერა, რომ ეს იყო „მცდარი ფორმულირება“ და რომ „გერმანიის სასამართლო ხელისუფლების განზრახვა არ იყო საქართველოს ხელისუფლების რაიმე სახით დახასიათება“.
სულ ახლახან, 2021 წლის ოქტომბერში, ელჩმა ქნირშმა ძალიან სწრაფად გადაწყვიტა ეღიარებინა ადგილობრივი არჩევნები, სადაც 20 ქალაქიდან 19-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ქნირშმა თქვა, რომ „ულოცავს ყველას, ვინც მერად აირჩიეს“ და უთხრა ოპოზიციას, რომ შედეგების მიღება „ძირითადი დემოკრატიული ვალდებულებაა“.
მეორე მხრივ, BILD-ის კითხვაზე, საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ ქნირშმა მიულოცა ყველას, ვინც გახდა მერი და ადგილები დაიკავა საკრებულოში" და რომ არჩევნების შესახებ მისი შეფასება "ევროკავშირისგან არ განსხვავდება".
საქართველოს მმართველი პარტია, რომლის უკანაც მილიარდერი, ოლიგარქი და რუსეთის მეგობარი ბიძინა ივანიშვილი დგას, თავის მხრივ ელჩ ქნირშს უჭერს მხარს. 2020 წლის ივლისში მან დაგმო „საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის წინააღმდეგ ცილისწამების კამპანია, რომელსაც ოპოზიციის ლიდერები ხელმძღვანელობენ“.
როგორც ჩანს, გერმანიის ელჩი და მმართველი პარტია ერთმანეთთან ჰარმონიაში არიან, ხოლო გერმანელი დიპლომატის ურთიერთობა სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან საკმაოდ მტრულად გამოიყურება.
ელჩის მეუღლე 2021 წლის გაზაფხულიდან მუშაობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) მოწვეულ ლექტორად კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით.
ევა მარია ქნირშის დასაქმება ოლიგარქის უნივერსიტეტში არ არის გერმანიის ელჩის ბიუჯეტის ერთადერთი შემოსავლის წყარო მთავრობასთან დაახლოებული წყაროებიდან.
2020 წლის ივნისიდან ქალბატონი ქნირში მუშაობს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის შვილობილი კომპანია „TUM International“-ის შტატგარეშე „საქართველოს წარმომადგენლად“, - ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ანტოკორუფციული ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა" ამ ფაქტს, როგორც "კორუფციის შესაძლო ნიშანი" განიხილავს.
"ფაქტობრივად, გერმანიის ელჩი აქ აღიქმება ნაკლებად კრიტიკულად მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" მიმართ“. ელჩის მეუღლეს სამთავრობო კონტრაქტები აქვს, შეიძლება ეს არ იყოს პრობლემა ქვეყანაში ჩამოყალიბებული დემოკრატიით და მოქმედი ინსტიტუტებით, მაგრამ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ეს აშკარად პრობლემაა".
გიორგი ონიანი დასძენს: "ელჩი ქნირშის საქმიანობისა და განცხადებების ფონზე, შესაძლოა არსებობდეს ნიშნები კორუფციის შესაძლო შემთხვევის ან სულ მცირე ინტერესთა კონფლიქტის შესახებ".