მიხეილ სააკაშვილი რჩება პუტინის ტყვედ, ამიტომ სიმშვიდის საფუძველი არ გაქვს - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ეკა ხერხეულიძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.
მისი თქმით, გორის ჰოსპიტალში გადაყვანით "ერთი ბრძოლა მოგებულია, რადგან მიშა გადარჩა, მაგრამ ტყვე რჩება ტყვედ".
"მიხეილ სააკაშვილი იგივენაირად რჩება პუტინის ტყვედ და ძალიან ნაადრევი განცდაა ადამიანების სიხარულის, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები. მე ასეთი სიმშვიდის საფუძველი არ მაქვს. უბრალოდ ვიცი, რომ დღეს მიშა ფიზიკურად გადარჩა, მაგრამ როგორ განვითარდება ხვალინდელი, ზეგინდელი მდგომარეობა არ ვიცით, ტყვე რჩება ტყვედ და ძალიან დიდი რისკის ქვეშ გორთან მიმართებაში, რადგან ეს ლოკაცია გასათვალისწინებელია. ეს არ არის მშვიდობიანი და გარანტირებული ლოკაცია იმისთვის, რომ ამ ყველაფერზე მშვიდი განწყობა გვქონდეს და ამოვისუნთქოთ. ამ ეტაპზე, ერთი ბრძოლა მოვიგეთ და მიშა გადარჩა. ეს ფაქტია", - ამბობს ხერხეულიძე.
დღეს, შიმშილობის დაწყებიდან 50-ე დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რასაც ის დათანხმდა. უახლოეს საათებში სააკაშვილს გადაიყვანენ გორის ჰოსპიტალში, რის შემდეგაც ის შიმშილობას შეწყვეტს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობის პირველივე დღიდან მან შიმშილობა გამოაცხადა.