პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს საკითხზე მიღებული რეზოლუციით კმაყოფილია და აცხადებს, რომ მასში "ყველა მტკივნეული საკითხი" ადეკვატურადაა შეფასებული.
"დოკუმენტი ცალსახად მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან შეასრულოს "ცეცხლის შეწყვეტის" შესახებ შეთანხმება და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. ამასთან, რეზოლუციაში აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი შეფასებულია, როგორც ოკუპირებული ტერიტორიები. გარდა ამისა, ის გმობს ეთნიკურ წმენდას. მოკლედ, რეზოლუციაში პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხთან დაკავშირებით მოხდა ძალიან მკაფიო და მხარდამჭერი ტექსტის დაფიქსირება", - განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს საპარლამენტო ასამბლეის სესიის დასრულების შემდეგ.
მისივე შეფასებით, "ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო და დადებითი დოკუმენტი მათ შორის, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ბოლო პერიოდში მიღებულა".
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ვარშავაში გამართულ ბოლო საშემოდგომო სესიაზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს საკითხზე მორიგი რეზოლუცია მიიღო.
რეზოლუციაში, რომლის სახელწოდებაა "სიტუაცია საქართველოში",
აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული. ქართული მხარის მოლოდინის შესაბამისად, დოკუმენტში ყოველგავრი განმარტებების გარეშე ჩაიწერა ტერმინები "ოკუპაცია" და "ეთნიკური წმენდა".
გარდა ამისა, რეზოლუციაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მკაცრად აკრიტიკებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში რუსეთის ქმედებებს და მისგან, როგორც ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს, ისე დაჟინებით მოუწოდებს, იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო დაუბრუნებას ხელი არ შეუშალოს.
ამასთან, ასამბლეა "მიესალმება საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსაც" და აღნიშნულ კონტექსტში დოკუმენტში პირდაპირ ჩაიწერა, რომ "საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, რასაც ალიანსში შემავალი ყველა ქვეყანა მხარს უჭერს".
აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის ტექსტის აღნიშნული ფორმით მიღებას რუსეთის დელეგაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.