ექსტრემისტული დაჯგუფება "თალიბანი", რომელმაც ხელში ჩაიგდო ავღანეთში ძალაუფლება, შეერთებულ შტატებს მიმართავს მოთხოვნით, წვდომა მისცეს ავღანეთის ცენტრალური ბანკის აქტივებთან, რომელიც ვაშინგტონმა გაყინა.
ამ წერილობითი მოთხოვნით, "თალიბანის" მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ამირ ხან მუთაქიმ შეერთებული შტატების კონგრესს მიმართა.
"ავღანეთის აქტივების გაყინვა არანაირ პრობლემას არ წყვეტს და არ არის ამერიკელი ხალხის მოთხოვნა, ამიტომ ვაშინგტონმა უნდა მოხსნას აკრძალვა რეზერვებს", - წერს წერილში ამირ ხან მუთაქი.
ამირ ხან მუთაქი ასევე აღნიშნავს, რომ ამ მოთხოვნაზე უარის თქმამ, შესაძლოა, რეგიონში მასობრივი მიგრაცია გამოიწვიოს და სავალალო საფრთხის წინაშე დააყენოს ავღანეთის განათლებისა და ჯანდაცვის სფეროები.
"ბავშვები ცუდად იკვებებიან, დედები იღუპებიან სამედიცინო სერვისების ნაკლებობის გამო, რიგითი ავღანელები შიმშილობენ და არ აქვთ მედიკამენტებზე წვდომა", - აღნიშნავს მუთაქი წერილში.
მუთაქის განცხადებით, გარდა იმისა, რომ აქტივების გაყინვას პოლიტიკური და იდეოლოგიური დასაბუთება არ გააჩნია, იგი ძირს უთხრის შეერთებული შტატების რეპუტაციასაც.
მას შემდეგ, რაც "თალიბანმა" ავღანეთში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მილიარდობით დოლარის ოდენობის საზღვარგარეთული აქტივი გაიყინა.
ავღანეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების უმეტესობა, დაახლოებით 9 მილიარდი დოლარი, აშშ-ის ბანკებშია დაცული.
ავღანეთის ეკონომიკა დააზარალა საერთაშორისო დახმარების შეჩერებამ. სახელმწიფო ხარჯების სამი მეოთხედი სწორედ უცხოური გრანტებით ფინანსდებოდა.
აგვისტოში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ავღანეთს ფინანსურ რესურსებზე წვდომა შეუზღუდა. მსოფლიო ბანკმა კი პროექტების დაფინანსება შეაჩერა.