საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.
გიული ალასანიას თქმით, პრეზიდენტი ზურაბიშვილის გზავნილები პოზიტიური იყო და ამან "იმედი გაუჩინა.
მისივე თქმით, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხზე პრეზიდენტის განცხადება მართალია, მკაფიო არ იყო, მაგრამ "მაგრამ აქეთ მივდივართ როგორც ჩანს".
"მომეჩვენა, რომ მკაფიოდ არ იყო ნათქვამი, მაგრამ აქეთ მივდივართ, როგორც ჩანს. მე გამიჩინა იმედი ქალბატონი სალომეს დღევანდელმა გამოსვლამ. აშკარად გამიჩინა იმედი იმიტომ, რომ თქვა პროცესი უნდა იყოს საჯარო, გამჭვირვალე... ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ფოკუსში უნდა იყოს ჯანმრთელობა...
პრეზიდენტი რამდენიმე დღე არ იყო საქართველოში, შეიძლება გარედან ეს პროცესი სხვანაირად იყო შეფასებული მისგანაც. ფაქტია, რომ რაღაც შეიცვალა", - თქვა ალასანიამ.
ცოტა ხნით ადრე, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც მიხეილ სააკაშვილის უფლებრივ და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
პრეზიდენტის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობა უნდა იყოს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ და სარგებლობდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით.
"მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან საზოგადოება, საერთაშორისო თანამეგობრობა, ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და მოითხოვს უმაღლესი სტანდარტების შესრულებას.ჩვენი ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, როგორ მოვეპყრობით მას და როგორ იქნება დაცული მისი ღირსება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ამდენად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რეგულარულად ვიღებდი და ვიღებ ინფორმაციას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი უწყებებისგან", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობის გადაწყვეტილება სააკაშვილმა თავად მიიღო, ეს არ ხსნის და არ ამცირებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას. მისივე განცხადებით, ლოგიკურად, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის შენარჩუნებით ყველაზე მეტად დაინტერესებული ხელისუფლება უნდა იყოს.