ოპოზიციონერ დეპუტატ, ელენე ხოშტარიასთან, რომელიც უკვე მე-14 დღეა პარლამენტში შიმშილობს, უმრავლესობის დეპუტატები მივიდნენ.
ხოშტარიას ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე შეხვდნენ.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, ელენე ხოშტარია რეალურად შიმშილობს და მისი მდგომარეობა დღითი დღე კიდევ უფრო საყურადღებო ხდება.
"ამ ვითარებაში ჩემი, როგორც ექიმის ყველაზე საყურადღებო ამ პროცესში, ქალბატონი ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობაა. გამომდინარე იქედან, რომ ის რეალურად შიმშილობს და მისი მდგომარეობა დღითი დღე კიდევ უფრო საყურადღებო ხდება. მე ვიტოვებ იმედს, რომ ქალბატონი ელენეს ჯანმრთელობა იქნება შენარჩუნებული და საბოლოოდ იქნება დამდგარი შედეგი, რომ პროცესი დასრულდება და ყველა ჩავდგებით დროულ რეჟიმში. ეს არის ყველას, მიუხედავად პოლიტიკური შეფასებებისა და ხედვისა, რომ ქვეყნის სტაბილურობა არის უმთავრესი”,- განმარტავს დიმიტრი ხუნდაძე.
ცნობილია, რომ ელენე ხოშტარიასთან ასევე იმყოფებოდნენ ექიმებიც, რომლებმაც მოშიმშილე დეპუტატს გადასხმა გაუკეთეს.