პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც მე-12 დღეა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს, ექიმებს მიმართავს და მათ მოუწოდებს, შეხვდნენ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რათა შეიტყონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შეძლებისდაგვარად, ჩაერთონ მკურნალობის პროცესში.
"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს წარმოუდგენლად ჩიხური ვითარება. ჩვენ პრაქტიკულად არ ვიცით და ალაგ-ალაგ ვიღებთ სხვადასხვა წყაროებით ობიექტურ ინფორმაციას მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მეტიც, ცნობები, რომელსაც ვიღებთ, არის ძალიან საგანგაშო: ვიცით, რომ ის ვერ დგება, აქვს კალიუმი დაბალ ნიშნულზე, რაც ნიშავს გულის პრობლემებს, აქვს ღებინება, აქვს, ყვითელი ფერი, წნევა და ამას დამატებული ის პირობები, რომელშიც ის იმყოფება. ეს არის ციხე, ეს არ არის საავადმყოფო და ამ ციხეში მისი მკურნალობის საკითხები დგას ლეგიტიმური კითხვის ნიშნის ქვეშ.
ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო არ იცავს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებას. აქედან გამომდინარე, მე მინდა მივმართო ექიმებს, ყველა ექიმს, ვისაც შეუძლია გამოიჩინოს ინიციატივა და ეცადოს ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაგებისა და მკურნალობის პროცესში" - განაცხადა ელენე ხოშტარიამ დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.
ელენე ხოშტარია თავის განცხადებაში განსაკუთრებული თხოვნით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარების მონიტორინგის მიზნით, ჯერ კიდევ გასულ თვეში შექმნილი კონსილიუმის წევრ ექიმებს მიმართავს. ესენი არიან: ალექსანდრე ცისკარიძე - ნევროლოგი, გიორგი გოცაძე - კრიტიკული მედიცინის ექიმი, ელენე გიორგაძე - ენდოკრინოლოგი, ნინო შარაშენიძე - ჰემატოლოგი.
შეგახსენებთ, ელენე ხოშტარია პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის პატიმრობის პირველივე დღიდან შიმშილობს. ამჟამად, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის ტერიტორიაზე მდებარე მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება.
მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. ამ პირობის დაკმაყოფილებისთანავე, ის მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს.
გუშინ, მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და პირველად ამ დროის განმავლობაში ლოგინიდან წამოდგომა ვერ შეძლო. ამ განცხადების საპასუხოდ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარება სტაბილურია.
გუშინვე, გვიან ღამით, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ონლაინ პეტიცია დარეგისტრირდა.