საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ მას ქსნის N7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის სპეციალური ნებართვა არ მისცეს.
"აღნიშნული დაწესებულებიდან პატიმართა წამებისა და შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ შემაშფოთებელი ინფორმაცია გამოდის, რის შესახებ სახალხო დამცველის აპარატიც არის ინფორმირებული. პატიმართა გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობების შესახებ წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტიც იუწყება. ამ ინფორმაციის შესწავლის მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართე, ჩემთვის სპეციალური ნებართვა დაეშვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლებით, რაზე პასუხიც ვერ მივიღე", - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, რომლის თემაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი პარლამენტის წევრის უფლებების დარღვევა იყო.
პარლამენტის წევრის შეფასებით, პარლამენტის რეგლამენტის მე-17 მუხლი არის მკვდრადშობილი ნორმა და იგი გასაუქმებელია, თუ მისი რეალურად ამოქმედება ვერ ხდება.
გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, ციხის ადმინისტრაციისა და თანამშრომლების მიერ სასტიკად ნაცემია 8 პატიმარი, რომელთა უმრავლესობას სასჯელაღსრულების ადგილებში არადამიანური მოპყრობის შესახებ სარჩელი სტრასბურგის შესაბამის სასამართლოში აქვს შეტანილი. წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის ინფორმაციით კი, ქსნის კოლონიაში, რომელიც 1600 პატიმარზეა გათვლილი, 2900 პატიმარი იმყოფება.