ევროპარლამენტარი არ არის არაფრის ინდულგენცია ქვეყანაში - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, თუ რატომ არ მიეცა შესაძლებლობა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიხეილ სააკაშვილი მოენახულებინა. ამის შესახებ სუბარმა "რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა.
სუბარის თქმით, "ციხე ნამდვილად არ არის სასტუმრო" და "რაღაც წესები უნდა დავიცვათ".
"200-მდე ვიზიტორი ჰყავდა სააკაშვილს და ნამდვილად არ არის ციხე სასტუმრო, რაღაც წესები უნდა დავიცვათ. ვროპარლამენტარებს რაც შეეხება, მართლა არ ყოფილა შემთხვევა, ჩამოდიოდნენ, მიდიოდნენ ვანო მერაბიშვილთან, უგულავასთან და ჩვეულებრივად ნახულობდნენ, მაგრამ როდესაც ადამიანი ამბობს, რომ არ იყო სამართლიანი სასამართლოს პირობები დაცული და არის პოლიტპატიმარი და რაღაც, მე, ამ შემთხვევაში, ჩემს პოზიციას ვამბობ, იმიტომ, რომ მართლა არ ვიცი, რით იხელმძღვანელა იუსტიციის სამინისტრომ, არანაირი კონსულტაციები ამაზე, ბუნებრივია, არ გვქონია", - ამბობს სუბარი.
ამასთამ, სოზარ სუბარმა ანა ფოტიგას ურჩია, უკეთ გაეცნოს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს.
როდესაც ადამიანი ამბობს, რომ სამართლიანი სასამართლო არ იყო, ჯერ აიღოს საქმის მასალები, გაეცნოს განაჩენსაც, მასალებსაც, ჩვენებებსაც, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებასაც, რომელ საქმეზეც ერთ-ერთი განაჩენი დადგა, გირგვლიანის საქმის მკვლელების შეწყალებას ვგულისხმობ, და მერე გააკეთოს განცხადებები. საქართველო არის სახელმწიფო და ჩვენ გვაქვს ჩვენი გარკვეული ღირსება რა და მართლა არ შეიძლება ასე გავთელოთ ეს ღირსება ყოველი ფეხის ნაბიჯზე, იმიტომ, რომ ვიღაცას ასე სურს და ევროპარლამენტარი არ არის არაფრის ინდულგენცია ქვეყანაში". - ამბობს სუბარი.
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოს 12 ნოემბერს ეწვია. ფოტიგა გუშინ მთელი დღის განმავლობაში ელოდა იუსტიციის სამინისტროსგან სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში შესვლის ნებართვას. დღეს, ფოტიგამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნებართვაზე უარი მიიღო.