"ქალთა პარტია" წარმომადგენლობით სახალხო კრებასა და ე.წ. რვიანს მხარს უჭერს.
ამის შესახებ პარტიის ლიდერმა გუგული მაღრაძემ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, "ქალთა პარტიისთვის" ოპოზიციური სპექტრიდან წამოსული პოლიტიკური ინიციატივები მისაღებია.
"სახალხო წარმომადგენლობითი კრებაც და "რვიანიც" ჩვენთვის მისაღებ პროცესებს აწარმოვებენ. ე.წ. რვიანის მცდელობა საარჩევნო კოდექსის შეცვლასთან დაკავშირებით ძალიან კარგია. უნდა მივაღწიოთ, რომ ერთი ხმა ერთისთვის იყოს და არჩევნები არ ყალბდებოდეს.თავისუფალ არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური სპექტრის დაწმენდისთვის. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს აზრი არ ექნება თუ ამ პროცესს ხალხის მხარდაჭერა არ იქნება", - განაცხადა მაღრაძემ.
მისი თქმით, 25 ნოემბერს დაგეგმილ წარმომადგენლობითი სახალხო კრების მხარდამჭერთა გაფართოებულ შეკრებაზე ისიც ერთ-ერთი მონაწილე იქნება.
მაღრაძის განმარტებით, ხელისუფლების შესაცვლელად, მთავარი ფაქტორი ოპოზიციური პარტიების კოალიციაა.