ქართული მხარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს საკითხზე მომზადებული რეზოლუციის პროექტში ტერმინების: "ოკუპაცია" და "ეთნოწმენდა" დაფიქსირებას ელოდება.
"ჩვენი მოლოდინია, რომ ამ დოკუმენტში დაფიქსირებული ტერმინოლოგია დღევანდელი რეალობის ადეკვატური იქნება. საუბარია, ტერმინებზე: "ოკუპაცია" და "ეთნოწმენდა", - განუცხადა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყების წინ, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა.
მისივე განმარტებით, "ასეთი წარმომადგენლობითი ფორუმის მიერ, აღნიშნული ტერმინების დამტკიცება, ქართულ მხარეს საშუალებას მისცემს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა წარმატებით, უკვე ინდივიდუალურად განახორციელოს იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ნაწილია".
შეგახსენებთ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა დღევანდელ სესიაზე საქართველოს საკითხზე რეზოლუციას, სახელწოდებით: "სიტუაცია საქართველოში" უყრის კენჭს.