მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ინფორმაციით, ქვეყანაში სახელმწიფოებრივი კრიზისია.
ზურაბ ნოღაიდელის პარტიაში განარტავენ, რომ ქვეყნის უკუსვლას კიდევ უფრო აჩქარებს გაუაზრებელი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელმაც სიღატაკემდე და უკიდურეს მატერიალურ გაჭირვებამდე მიიყვანა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური კურსის გამოხატულებაა ისიც, რომ წლიდან წლამდე იზრდება საქართველოს საგარეო და საშინაო ვალი, მატულობს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი.
"თუ 2007 წელს საგარეო ვალების მომსახურებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა 102,1 მილიონი დოლარი, 2011 წელს კი ამ ვალების მომსახურებას უკვე 182,7 მილიონი აშშ დოლარი დასჭირდება. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის პიკი. სრული კოლაფსი მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვისას დადგება _ 2013 წელს საგარეო ვალის მომსახურებისთვის სახლმწიფო ბიუჯეტიდან 781,1 აშშ დოლარი იქნება გადასახდელი"- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ექს-პრემიერმინისტრის პარტიაში ამბობენ, რომ ქვეყნის დაღმასვლა კარგად ჩანს სახელმწიფო ბიუჯეტის სტატისტიკური მაჩვენებლების შედარებისას.
"თუ 2007 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი პროფიციტული იყო (3,3 პროცენტი), შემდგომში პრიფიციტი უკვე ტკბილ მოგონებად იქცა და წელს 9,3-პროცენტიანი დეფიციტი გვაქვს (რაოდენობრივად _ 593,3 მილიონი დოლარი).
ასეთია ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების, უფრო სწორედ, ეკონომიკური დაცემის ზოგიერთი პარამეტრი. ამ სავალალო სურათის გამოსწორება დღევანდელ მმართველ გუნდს ნამდვილად არ შეუძლია. მეტიც, ხელისუფლებაში სააკაშვილის ყოფნის ყოველი დღე კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას. ამიტომ, სააკაშვილის მმართველობის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის აუცილებელი წინაპირობაა"- აცხადებენ ზურაბ ნოღაიდელის პარტიაში.