ლისაბონის ნატოს სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე უმაღლესი რანგის შეხვედრას გამართავს. ნატოს სამიტზე დასასწრებად საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, უახლოეს დღეებში გაემგზავრება. ამის შესახებ ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან დევიდ კამერონთან, თურქეთის, ჩეხეთის, პორტუგალიისა და ავსტრალიის ლიდერებთან.
"შემიძლია დავადასტურო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტს დაგეგმილი აქვს რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა", - აღნიშნა მანჯგალაძემ და დასძინა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ სამიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების ერთგულებას - "იმას, რომ საქართველო ნატოსკენ ინტეგრაციის გზაზე წარმატებით მიიწევს წინ".
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, ნატოს სამიტი 20 ნოემბერს გაიმართება.