პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტის მე-8 დღეა პარლამენტის შენობაში შიმშილობს, მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ეხმიანება.
ელენე ხოშტარიას შეფასებით, ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქის და მესამე პრეზიდენტის მიმართ ველური, სასტიკი შურისძიების აქტის განახორციელა.
"მე ვერ ვილაპარაკებ კანონდარღვევაზე იმიტომ, რომ ხელისუფლებისთვის სიტყვა კანონი აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. სასაცილოც კია დღეს ლაპარაკი, რომ ისინი არღვევენ კანონს. მათ არც უფიქრიათ კანონის დაცვაზე და ამას ღიად გვეუბნებიან". - ამბობს ხოშტარია.
მისივე თქმით, ის, რაც გუშინ ვიხილეთ "მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, სინამდვილეში საქართველოს ყველა მოქალაქისკენაა მიმართული".
"შეიძლება დღეს ყველა ვერ იაზრებს, რომ ეს მასაც ეხება. შეიძლება დღეს ვიღაცას საკუთარი პოლიტიკური პოზიციის გამო ჰგონია, ეს ემოცია მას არ ეხება, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო, რომელშიც ცხოვრობენ გახდა უკიდურესად სასტიკი და რომ მისთვის არაფერს წარმოადგენს არცერთი ადამიანი, ყველაფერზეა წამსვლელი.
როდესაც მიხეილ სააკაშვილი მოტყუებით გაიყვანეს კამერიდან, იქ, მოსაცდელში იმყოფებოდნენ მისი დედა და შვილები. არ ვიცი ვის შეიძლება გაუკეთო მსაგვსი რამ. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი არის ნაცემი. ის ძალის გამოყენებით გადაიყვანეს იქ. და, რა თქმა უნდა, გლდანში მისი გადაყვანა, გარდა მისი შეურაცხყოფისა, იყო ჩენი ყველას, შეურაცხყოფა და მისი გამოწვევა. მათ უნდათ, რომ ჩვენ წამოგვაგონ პროვოკაციაზე", - აღნიშნავს ელენე ხოშტარია.
ელენე ხოშტარია კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკები არ მოიხსნება.
ეს ვითარება არ არის სიურპრიზი. სამწუხაროდ, ჩვენ ამის მოლოდინი გვქონდა ხელისუფლებისგან. ჩვენ არ ვაპირებთ წუწუნს არ ვაპირებთ ვაი-ვიშს, ჩვენ ვაპირებთ ბრძოლის ძალიან მტკიცედ გაგრძელებას.
რაც შეეხება ჩემი ბრძოლის ფორმას, მე ვთქვი, რომ ვიშიმშილებ, სანამ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის საფრთხე არ მოიხსნება. დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკები არის კიდევ უფრო დიდი, ვიდრე იყო მანამდე. ამიტომ, რა თქმა უნდა, მე არც კი განვიხილავ შიმშილობის შეწყვეტას. ვაგრძელებ შიმშილობას.
თუმცა, რადგან პოლიტიკური კონტექსტი შეიცვალა, თუ ჩემი სიცოცხლის პარამეტრებს შეექმნება საფრთხე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, მივიღებ გარკვეულ მედიკამენტებს. თუ ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ ეს ზღვარი არის უკვე სიკვდილის ზღვარი, იმ შემთხვევაში მივიღებ წამლებს იმიტომ, რომ მე არ ვაპირებ დანებებას, მე არ ვაპირებ არც სიკვდილს, მე არ ვაპირებ არც ბრძოლის შეწყვეტას, მე ვაპირებ გამარჯვებას ამ ბრძოლის გზით.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დღეს შეიძლება საქართელოს ყველა მოქალაქეს არ ესმის რომ ეს გამარჯვება მათაც სჭირდებათ, მაგრამ ჩვენ თუ ამ ბრძოლაში არ ჩავდეთ სრული ენერგია, ყველანი ვართ უსასტიკესი რეჟიმის საფრთხის ქვეშ. მე ამას არ დავუშვებ და ბოლომდე ვიბრძოლებ", - თქვა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, 8 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს თბილისში, გლდანის ციხის ტერიტორიაზე მდებარე მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.
როგორც მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ის მოტყუებით გამოიყვანეს რუსთავის ციხიდან და გლდანის ციხის ტერიტორიაზე მასზე სიტყვიერად და ფიზიკურად იძალადეს.
სახალხო დამცველის განცხადებით, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს იმ რეკომენდაციებს, რომელიც ექიმთა კონსილიუმმა გასცა. ამასთან, ომბუდსმენის თქმით, ამ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას.