სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილს გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვდა. როგორც მას მიხეილ სააკაშვილმა უთხრა, მესამე პრეზიდენტმა არ იცოდა, რომ ის გლდანის ციხეში გადაჰყავდა, ვინაიდან მას უთხრეს, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ.
ნინო ლომჯარია ასევე ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები რუსთავის მე-12 დაწესებულებაში იმყოფებოდა, თუმცა იქ ვერ ნახა ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს აცნობენ, რომ ის გლდანის ციხეში გადაჰყავდათ.
„მისი განცხადებით, მან იცოდა, რომ ის უნდა გადაეყვანათ სამოქალაქო კლინიკაში, შესაბამისად, საკუთარი ნებით დათანხმდა აღნიშნულს, თუმცა ჩვენ მე-12 დაწესებულებაშიც ვიყავით და იქ რაიმე ოფიციალური დოკუმენტი გაფორმებული, სადაც აცნობენ პატიმარ სააკაშვილს, რომ გადაჰყავთ მე-18 დაწესებულებაში, ასეთი რამ არ არსებობს. თუმცა ის ამბობს, რომ ზეპირად მან იცოდა, რომ გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში და მას შემდეგ, რაც ის შემოიყვანეს გლდანის ციხის ტერიტორიაზე, მან თქვა, რომ არ სურდა გადმოსვლა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანიდან. მისი თქმით, ის ძალის გამოყენებით შეიყვანეს მე-18 დაწესებულებაში. უარი განაცხადა, რომ ექიმს გაესინჯა მის დაზიანებებთან დაკავშირებით. თუმცა, ჩემთვის არ დაუდასტურებია, რომ აქვს და ეტყობა სხეულზე დაზიანებები, თუმცა კიდევ ერთხელ, ექიმს ის არ გაუსინჯავს და რაც შემეძლო რომ დამენახა, ვიზუალურად არ ეტყობა დაზიანებები. დაზიანებებზე არ საუბრობს და არც ვიზუალურად ეტყობა, კიდევ ერთხელ, ალბათ ჯობია, რომ ექიმმა დაათვალიეროს და ამის შესახებ ოქმი შედგეს. მისი განცხადებით, ის ამბობს, რომ მან იცოდა, რომ გადადიოდა სამოქალაქო კლინიკაში, დაემშვიდობა იქაურ ექიმებს, რასაც ექიმებიც ადასტურებენ. მნიშვნელოვანი რაც იყო ალბათ, მან თქვა, რომ სურდა კონსილიუმთან შეხვედრა და ელოდებოდა, 15:00 საათზე ჰქონდა შეხვედრა დანიშნული, თუმცა უარი უთხრეს ამაზე“, – განაცხადა ლომჯარიამ.