საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მადლობას კიდევ ერთხელ უხდის.
როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს მთავრობისა და ფონდ "ათასწლეულის გამოწვევის" მადლიერი იმ პროექტის მხარდაჭერისთვისაა, რომლის მიხედვითაც თბილისი-ახალქალაქის დამაკავშირებელი გზა აშენდა.
"ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ გუშინ ისტორიული მნიშვნელობის გზა გაიხსნა. გზა, რომელიც სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებს ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს მისცემს", - განმარტა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
ამასთან, მისივე განმარტებით, ქვეყნის პირველი პირი მიიჩნევს, რომ "სამცხე-ჯავახეთის რეგიონის იზოლაცია აღნიშნული გზის აღდგენის შემდეგ დასრულებულია და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა".