საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ დღევანდელ აქციაზე შესაბამისი სამსახურების მიერ სამართალდამცველების მობილიზება წესრიგის უზრუნველყოფას ემსახურება.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეების მხრიდან კანონის დარღვევა თუ მოხდება, ამასთან დაკავშირებით პოლიციას სათანადო რეაგირება ექნება.
„პარლამენტი ამ ძალის მობილიზებას არ ახდენს. ამის არც რესურსი აქვს და არც უფლებამოსილება. შესაბამისი სამსახურები ახდენენ ამას. ასე ხდება, როდესაც დიდი აქცია ტარდება, რათა სრულად იქნას დაცული მართლწესრიგი. ჩვეულებრივად ჩაატარებენ აქციას. იმედი მაქვს, არ გაცდებიან მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩატარების ფარგლებს, დაასრულებენ და წავლენ სახლში. სამართალდამცველები თავის ფუნქციას ასრულებენ და მათი ვალდებულებაა, დაიცვან მართლწესრიგი, მისცენ საშუალება დემონსტრანტებს, მშვიდობიანად ჩაატარონ თავიანთი აქცია. გადაცდომა თუ იქნება, შესაბამისი რეაგირება ექნება სამართალდამცველებს. როდესაც ასეთი დიდი მიტინგები ტარდება, ყოველთვის არის სამართალდამცავი ორგანოების მობილიზება. არაფერი განსაკუთრებული მობილიზება არაა. მოვუწოდებ ყველას, არ გასცდეს მშვიდობიანად აქციის ჩატარების ფარგლებს. არანაირი ძალის გამოყენება არ იგეგმება. სამართალდამცველების მობილიზება არის, რადგან მშვიდობიანი აქციის ჩატარების საშუალება მისცეს ყველას, ვისაც ამის სურვილი აქვს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.