შეერთებული შტატების სენატმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) ამერიკის ელჩის თანამდებობაზე ბაიდენის ცენტრის დირექტორი, რუსეთისა და უკრაინის საკითხების ექსპერტი მაიკლ კარპენტერი დაამტკიცა.
მაიკლ კარპენტერის კანდიდატურა სენატს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში წარუდგინა.
ელჩის თანამდებობაზე დამტკიცებას გამოეხმაურა თავად მაიკლ კარპენტერი, რომელმაც აღნიშნა, რომ მადლიერია და მისთვის პატივია, ემსახუროს ქვეყანას ეუთო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის რანგში.
ამ დროისთვის, მაიკლ კარპენტერი არის პენსილვანიის უნივერსიტეტის პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის მმართველი დირექტორი. წარსულში იგი მუშაობდა თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობაზე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, უფრო ადრე ვიცე-პრეზიდენტის აპარატში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სპეციალური მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.
კარპენტერი მუშაობდა რუსეთის საკითხებზე დირექტორად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში.