შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) ამერიკის ელჩის თანამდებობაზე ბაიდენის ცენტრის დირექტორი, რუსეთისა და უკრაინის საკითხების ექსპერტი მაიკლ კარპენტერი წარადგინა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
მაიკლ კარპენტერის კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს.
ამ დროისთვის, მაიკლ კარპენტერი არის პენსილვანიის უნივერსიტეტის პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის მმართველი დირექტორი. წარსულში იგი მუშაობდა თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობაზე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, უფრო ადრე ვიცე-პრეზიდენტის აპარატში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სპეციალური მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.
კარპენტერი მუშაობდა რუსეთის საკითხებზე დირექტორად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში.