ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ "თალიბანმა", რომელმაც ხელთ იგდო ავღანეთში ძალაუფლება, ქვეყანაში უცხოური ვალუტის გამოყენება აკრძალა, რაც დიდი ალბათობით ძირს გამოუთხრის ისედაც კოლაფსის პირას მყოფ ეკონომიკას.
"თალიბანი" ირწმუნება, რომ უცხოური ვალუტის გამოყენების აკრძალვას ავღანეთის ეროვნული ინტერესები მოითხოვს.
"ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარება და ეროვნული ინტერესები მოითხოვს, რომ ყველა ავღანელმა გამოიყენოს ეროვნული ვალუტა", - აცხადებს თალიბანი.
ავღანეთის ეკონომიკა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ქაბულის დაპყრობიდან მალევე, საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა და მთავრობებმა შეაჩერეს ფულადი დახმარება.
ავღანეთში სხვადასხვა უცხოურ ვალუტებთან ერთად, ყველაზე ფართოდ ამერიკული დოლარი გამოიყენებოდა.
"ავღანეთის ისლამური საამირო უბრძანებს ყველა მოქალაქეს, მაღაზიის მესაკუთრეს, მოვაჭრეს, ბიზნესმენს, ამიერიდან ყველა ტრანზაქცია განახორციელონ ეროვნული ვალუტით და თავი შეიკავონ უცხოური ვალუტის გამოყენებისგან", - განაცხადა "თალიბანის" სპიკერმა ზაბიულა მუჯაჰიდმა.
"ნებისმიერი, ვინც დაარღვევს ამ ბრძანებას, დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით", - ხაზგასმულია განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც "თალიბანმა" ავღანეთში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო და ევროპის ცენტრალური ბანკების მიერ მილიარდობით დოლარის ოდენობის საზღვარგარეთული აქტივი გაიყინა.
ავღანეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების უმეტესობა, დაახლოებით 9 მილიარდი დოლარი, აშშ-ის ბანკებშია დაცული.
"თალიბანი" დაჟინებით მოითხოვს, საზღვარგარეთულ აქტივებთან წვდომას, რადგან ქვეყანას ფულადი სახსრების კრიზისი ემუქრება.
ავღანეთის ეკონომიკა ასევე დააზარალა საერთაშორისო დახმარების შეჩერებამ. სახელმწიფო ხარჯების სამი მეოთხედი სწორედ უცხოური გრანტებით ფინანსდებოდა.
აგვისტოში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ავღანეთს ფინანსურ რესურსებზე წვდომა შეუზღუდა. მსოფლიო ბანკმა კი პროექტების დაფინანსება შეაჩერა.
გასულ თვეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ავღანეთის ეკონომიკა 30%-ით შემცირდეს, რაც მილიონობით ადამიანს ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დააყენებს.
დასავლეთის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ მათ სურთ ავღანეთში ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილება, თუმცა უარს ამბობენ "თალიბანის" მთავრობის ოფიციალურად აღიარებაზე.