მანდატით იქნება დეპუტატის თავდადება ნამდვილ სახალხო მღელვარებასა და ბრძოლაში, თუ მანდატის გარეშე, ჩემთვის უმნიშვნელოა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, მანდატების დატოვება პანაცეა არ არის.
„არაფერ შუაშია ახლა წინა პლანზე წამოწევა, პარლამენტის წევრები დატოვებენ თუ არა მანდატს დღეს, ხვალ, თუ ზეგ. ადრე თუ გვიან ყველა დატოვებს, მაგრამ ეს უმნიშვნელოა ახლა. ამ წუთის მდგომარებით, მივემართებით სხვადასხვა ქალაქში, ჩემთვის ეს საკითხი არის დახურული, ჩემთვის პარლამენტი როგორც ასეთი არ არსებობს. მანდატით იქნება დეპუტატის თავდადება ნამდვილ სახალხო მღელვარებასა და ბრძოლაში, თუ მანდატის გარეშე, ჩემთვის უმნიშვნელოა. მანდატის დატოვებაც არ არის პანაცეა, ხომ? ამაზე არ ვსაუბრობთ, უმნიშვნელოა. ფორმალურად ჯერ კიდევ უდევს მანდატი ვინმეს ჯიბეში, თუ არ უდევს, რა მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
პარლამენტის წევრის მანდატზე უარი თავდაპირველად "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა. ხაზარაძის განცხადების მიუხედავად, პარლამენტში "ლელოს" ფრაქცია საქმიანობას განაგრძობს, თუმცა ბოიკოტის რეჟიმში.
გუშინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპატიმროდან მიმართვა გაავრცელა, სადაც შეაქო მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება და ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატების დათმობისკენ მოუწოდა.
პარლამენტის მანდატის დატოვების შესახებ უკვე განაცხადეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა:
ანა წითლიძემ
ნონა მამულაშვილმა
ლევან ვარშალომიძემ.
დეპუტატის მანდატს ტოვებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.