საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 2021 წლის კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
„მაქვს პატივი, ქართველი ხალხისა და გაერო-ს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში ჩვენი დელეგაციის სახელით, მოგმართოთ ამ ისტორიულ შეკრებაზე.
ნება მომეცით, გულწრფელი პატივისცემა გამოვხატო გაერთიანებული სამეფოსადმი იმ თავდადებული შრომისთვის, რომლითაც ყველანი შეგვკრიბა და ეს სამიტი რეალობად აქცია ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიიდან მომდინარე გამოწვევების ფონზე.
თქვენო აღმატებულებავ, ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენი საარსებო გარემო ცვალებადია.
ულამაზესი მთების, მყინვარწვერებისა და მდინარეების მქონე კავკასიამ მყინვარების 40 პროცენტი უკვე დაკარგა. მხოლოდ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, დანაკარგების ტემპი აღმოსავლეთ საქართველოში მეოცე საუკუნის ბოლოს გაკეთებულ პროგნოზს გასცდა.
ჩვენ სრულად ვიზიარებთ იმ განგაშს, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორის საბჭოზე წარმოდგენილ უახლეს ანგარიშშია ასახული, როგორც „კაცობრიობის საგანგებო, გარდაუვალი საფრთხე“.
აღნიშნულ ანგარიშში აშკარად და მკაფიოდ არის გაცხადებული, რომ ეროვნულ დონეზე ყველა ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებები ერთობლიობაშიც არ არის საკმარისი ატმოსფერული სასათბურე აირების შესამცირებლად და საშიშზე დაბალ დონემდე დასაწევად და რომ მეტი ამბიცია და ძალისხმევაა საჭირო, თუ გვსურს, პარიზის შეთანხმებაში განსაზღვრული ტემპერატურის გრძელვადიანი მიზნები დაკმაყოფილდეს და გლობალური კატასტროფა თავიდან იქნას აცილებული.
გამოწვევები ნათელია და მათი გადაწყვეტის გზებიც ცნობილია.
ამ გამოწვევებს თვალი უნდა გავუსწოროთ და გავზარდოთ ნაკისრი ვალდებულებები, რათა მეტად ნაყოფიერი, სტაბილური და გამძლე საზოგადოებები გვყავდეს. ინვესტიციები სუფთა ენერგიაში, კლიმატზე მორგებული სოფლის მეურნეობა და მეტად ადაპტირებული შესაძლებლობები ის კონკრეტული ნაბიჯებია, რაც შეამცირებს ემისიას და ჩვენს საზოგადოებებს მოამზადებს კლიმატის ცვლილების გარდაუვალი გავლენისთვის. ჩვენ უნდა გავითავისოთ გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის ძირითადი რჩევები, რათა ჩვენი პლანეტა, დედამიწა დავიცვათ და ჩვენს საერთო დღის წესრიგად ვაქციოთ ეს მიზანი.
ამ სულისკვეთებით, საქართველო 2030 წლისთვის იღებს ვალდებულებას, 1990 წლის დონესთან მიმართებით სასათბურე აირების ემისიის ნახევარზე მეტით შემცირებაზე, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტირებული შესაძლებლობის გაცნობიერების გაღრმავებაზე საერთაშორისო პარტნიორობების საშუალებით. საქართველოს მთავრობას მკაფიო და ნათელი ხედვით აქვს შემუშავებული განვითარების გეგმა 2030 წლისთვის, რომელიც იდეალურად შეესატყვისება გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების დღის წესრიგს 2030 წლისთვის.
თავის მხრივ, საქართველო დასახულ მიზანს მიაღწევს განახლებადი ენერგიის სექტორში დივერსიფიკაციით, ქარისა და მზის ენერგიის წილის გაზრდით საერთო ენერგეტიკულ ბაზარზე; ქვეყნის ურბანული მობილობის ტრანსფორმაციით; დაბალ-ნახშირბადიანი მიდგომების დანერგვით მშენებლობის, მრეწველობისა და ნარჩენების მართვის სფეროებში; კლიმატზე მორგებული ტექნოლოგიებისა და სერვისების განვითარებით; საქართველოს ტყეების მიერ ნახშირბადის დაჭერის უნარის გაზრდით.
რა თქმა უნდა, აქ იმიტომ ვიმყოფებით, რომ არც ერთ ჩვენგანს შეგვწევს ამ გამოწვევებთან გამკლავების უნარი ცალკეულად.
მთავრობების, ინდუსტრიების, აკადემიური წრეების, დარგის პროფესიონალთა, ტექნიკურ ექსპერტთა და დაინტერესებულ წრეთა ლიდერები ნებისმიერი ქვეყნის და რეგიონის ყველა თემში ერთობლივად უნდა ვმოქმედებდეთ კლიმატის კრიზისის გადასაჭრელად და ამისათვის დაბალნახშირბადიანი და მედეგი ეკონომიკური პოზიციები უნდა ჩამოყალიბდეს. პატარა და დიდ ქალაქში თუ სოფელში დღეს ყველამ უნდა დავდოთ პირობა ჩვენი ახალგაზრდებისა და მომავალი თაობების წინაშე, რომ პლანეტა დედამიწას გავუფრთხილდებით და შევინარჩუნებთ. ეს კამათს არ ექვემდებარება და ვალდებულნი ვართ, ვიმოქმედოთ.
და ბოლოს, ნება მიბოძეთ აღვნიშნო, რომ ეს სამიტი კრიტიკული მნიშვნელობისაა ჩვენი ეროვნული და რეგიონული ინტერესებისთვის.
ყველა ქვეყნის თანაბარი გეოგრაფიული წარმომადგენლობა, სუვერენული თანასწორობა და ღირსება გაერთიანებული ერების ძირეული, ფუნდამენტური პრინციპებია.
საქართველოს სურს, კონვენციის ფარგლებში ყველაზე ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის რეალიზების შესაძლებლობა ჰქონდეს, როგორც მის პრეამბულაშია გაწერილი და ამგვარად მოახდინოს რეაგირება ამ უნიკალურად გლობალურ გამოწვევაზე.
საქართველო მადლობას უხდის სამიტის პრეზიდენტ ქვეყანას და ყველა ჩართულ მხარეს თანაგრძნობის სულისკვეთებისა და წინსვლის სურვილისთვის, რათა სამიტის დღის წესრიგით შემოთავაზებული წინადადებები შესრულდეს, მათ შორის თანაბარი გეოგრაფიული წარმომადგენლობის საკითხის დაკმაყოფილებით.
საქართველო მოუთმენლად ელის სამიტის პრეზიდენტ ქვეყანასთან და ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას ამ საკითხების მოსაგვარებლად თანამშრომლობის, გამჭვირვალობისა და თანასწორობის საფუძველზე.
ამ ბრძოლაში არავინ უნდა გამოგვრჩეს!
საქართველო მოუთმენლად ელის წინამდებარე სამიტის თამამ და მასშტაბურ შედეგებს, რაც მკვეთრად წასწევს წინ ჩვენს კოლექტიურ ამბიციას კლიმატის სფეროში და დაგვეხმარება პანდემიიდან გამოსვლაში უფრო მწვანე, უფრო ძლიერი და მეტად უსაფრთხო შედეგებით, ვიდრე ოდესმე გვქონია. მომავალ თაობას ჩვენი იმედი აქვს და ჩვენ დანაპირები უნდა შევუსრულოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენცია, გლაზგოში 31ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე იმართება. სესიაში 200-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის მსოფლიო ლიდერები, ექსპერტები და აქტივისტები. მსოფლიო ლიდერების შეხვედრა 1-2 ნოემბერს იმართება.
სამიტის მსვლელობისას იგეგმება მიიღონ დოკუმენტები სათბურის გაზების გამონაბოლქვის შემცირებისა და ნახშირბადის ნეიტრალიტეტს მიღწევის შესახებ.