ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს გიორგი თარგამაძემ ვრცელი ინტერვიუ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციას მისცა.
საუბრის მთავარი თემები აშშ-საქართველოს ურთიერთობა, რუსეთის ფაქტორი, საკონსტიტუციო ცვლილებები, ახალი საარჩევნო კოდექსის შემუშავება და მედია-გარემოს გაუმჯობესება იყო.
"ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის ხელმძღვანელი ანა კალანდაძე 2013 წელს მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გაპრემიერების თემით დაინტერესდა.
"ეს თეორიულად შესაძლებელია და პრაქტიკულადაც, თუმცა მე არ ვფიქრობ გახდება თუ არა სააკაშვილი პრემიერი. უფრო მაინტერესებს ვინც გახდება, როგორ მოახერხებს ამას. "ქრისტიან-დემოკრატების", ყველა რაციონალური პოლიტიკური ძალის და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა დღეს მიმართულია იქეთკენ, რომ ქვეყანაში შეიქმნას მაქსიმალურად კონკურენტული საარჩევნო გარემო. ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის დღეს ყველაზე პრიორიტეტული ამოცანა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და გაუმჯობესებულ გარემოში გამარჯვებაა" - განაცხადა თარგამაძემ.