"დასრულდა წინასაარჩევნო პერიოდები და არჩევნებიც დასრულდა. მნიშვნელოვანია იმ დღის წესრიგს, რომელიც პარლამენტში გვაქვს, ბოლომდე დავუთმოთ ჩვენი ენერგია, დრო და მაქსიმალურად მოკლე ვადებში შევძლოთ იმ დაპირებების შესრულება, რომლებიც ჩვენ გავეცით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა 2-5 ნოემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები განსაზღვრეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტებში არჩეულ მერებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. „ყველა მერს მუნიციპალიტეტში ვინც გაიმარჯვა მინდა მივულოცო და წარმატება ვუსურვო თავიანთ საქმიანობაში. იმედი გვაქვს, რომ ყველა წარმატებული იქნება თავისი მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.
სხდომაზე ბიუროს წევრები კენჭსაყრელ და განსახილველ საკითხებს გაეცნენ. მიმდინარე სასესიო კვირაში დეპუტატები სხვადასხვა კანონპროექტთან და ანგარიშთან ერთად, „საქართველოს ტყის კოდექსის“ პროექტს და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს პირველი მოსმენით განიხილავენ. სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ახალი საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზეც ისაუბრა. საორგანიზაციო საკითხებიდან ერთ-ერთი საპარლამენტო ფრაქციის სახელის ცვლილებას შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ ფრაქციის სახელი „რეფორმების ჯგუფად“ შეიცვალა.
ბიუროს სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ხელისუფლების კანდიდატებს ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„გადავწყვიტე საკუთარი მაგალითით დავიწყო და თქვენგანაც მოვითხოვო პატივისცემით ურთიერთობები ერთმანეთთან. მინდა მოგილოცოთ არჩევნებში გამარჯვება. როგორც ვიცი ეს ჯერ-ჯერობით არც ერთ ჩემს ოპოზიციონერ კოლეგას არ გაუკეთებია. ასევე მინდა დავინახო, რომ თქვენ აპირებთ სერიოზულ თანამშრომლობას ვინმესთან ოპოზიციიდან“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პარლამენტის პლენარული სხდომა 2 ნოემბერს, 12.00 საათზე პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნება.