საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერ პალიკო კუბლაშვილს ოპოზიციის იმ ინიციატივაზე დისკუსიის დაწყებაც კი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე მხოლოდ პარტიული სიებით კენჭისყრას გულისმობს, "გაუმართლებლად" მიაჩნია.
"მოლაპარაკებების დროს ყველა თემაზე იქნება მსჯელობა, მაგრამ არის საკითხები, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. არ შეგვიძლია იმას დავეთანხმოთ, რომ პარლამენტი არჩევითი არ იყოს. ვერც ერთი პარტია ვერ იტყვის, რომ არ უნდა საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეს. ვფიქრობ, ამაზე დავა გამართლებული არ არის", - განუცხადა კუბლაშვილმა ჟურნალისტებს ლევან ვეფხვაძის საპასუხოდ, რომელმაც პრეზიდენტი სააკაშვილი ულტიმატუმის ენით საუბარში დაადანაშაულა.
"არანაირი ულტიმატუმი და წინაპირობა ეს არ არის", - განმარტა კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას ის ინიციატივა დაუწუნა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრას მხოლოდ პარტიული სიებით ითვალისწინებს და განმარტა, რომ ეს მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ამის გამო საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ პრეზიდენტი ულტიმატუმების ენით საუბარში დაადანაშაულა და მსგავსი განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე პოლიტიკურ მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფიასკოთი დასრულება არ გამორიცხა.