"მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი "ლელოს" ლიდერს საქციელს უწუნებს. როგორც ლევან იოსელიანმა განაცხადა, ყველას აქვს უფლება, პარლამენტი დატოვოს, მაგრამ მამუკა ხაზარაძის ამ გადაწყვეტილების სისწორეს არ იზიარებს, რადგან საერთაშორისო პარტნიორების ამხელა ძალისხმევისა და პარლამენტში ოპოზიციის შესვლის შემდეგ, მანდატის დატოვება სწორი არ არის.
"მას თავისი გზა აქვს და უფლება არ მაქვს, ვინმეს გადაწყვეტილება მოვიწონო ან არ მოვიწონო. ზოგადად, მიმაჩნია, რომ როცა მანდატი მოგანიჭეს, იმ ვადით უნდა გამოიყენო, რაც გაქვს და უნდა შექმნა ის დღის წესრიგი, რაც მოქალაქეებს აწუხებთ. უამრავი საკითხია, რაც ამ პარლამენტში არის გადასაწყვეტი. პარლამენტი საუკეთესო ადგილია ისაუბრო იმაზე, რაც მოქალაქეებს აწუხებთ. ლოგიკას ვერ ვხდები, მამუკა ხაზარაძე მიდის და მისი ფრაქცია რჩება. ფრაქცია ეშლება და გადაკეთდება პოლიტიკურ ჯგუფად, რაც სამწუხაროა, რადგან საპარლამენტო ცხოვრებას მრავალფეროვნება სჭირდება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
შეგახსენებთ, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ დეპუტატის მანდატს ტოვებს და ბრძოლას ქუჩაში გააგრძელებს.
მოგვიანებით, მამუკა ხაზარაძემ განმარტა, რომ მისი გადაწყვეტილების მიუხედავად, ფრაქცია "ლელო" პარლამენტში მუშაობას განაგრძობს.
ხაზარაძის გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა "ლელოს" კიდევ ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, რომელმაც განაცხადა, რომ პარლამენტის დატოვებას არ აპირებს.
აღსანიშნავია, რომ მამუკა ხაზარაძისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტა ფრაქცია "ლელო-საქართველოსთვის" დაშლას გამოიწვევს, რადგან რეგლამენტის თანახმად, ფრაქციის შესაქმნელად შვიდი დეპუტატია საჭირო. მამუკა ხაზარაძის გარეშე ფრაქციის შემადგენლობაში 6 დეპუტატი დარჩება.