„ლელოს“ ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, ის არ აპირებს, პარლამენტი დატოვოს.
როგორც ჯაფარიძე აცხადებს, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც თბილისის მერის მოადგილეობაზე გამოთქვა მზადყოფნა.
„მამუკამ გააკეთა განცხადება, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც გამოთქვა მზადყოფნა მერის მოადგილეობაზე. მე არ ვაპირებ პარლამენტის დატოვებას იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს ვალდებულება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის მისაღებია საკონსტიტუციო ცვლილებები. ყველა ის ვალდებულება, რომელიც ჩვენ აღებული გვაქვს შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, რომელმაც ურცხვად მოატყუა ჩვენი პარტნიორები, გამოვიდა შეთანხმებიდან და მოუწყო მას დემარში, ჩვენ არ მივიქცევით ისე, როგორც „ქართული ოცნება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ დეპუტატის მანდატს ტოვებს და ბრძოლას ქუჩაში გააგრძელებს.
მოგვიანებით, მამუკა ხაზარაძემ განმარტა, რომ მისი გადაწყვეტილების მიუხედავად, ფრაქცია "ლელო" პარლამენტში მუშაობას განაგრძობს.