"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძემ გადაცემა "კვირის ფორმულაში" განმარტავს, რომ პარლამენტს ის ტოვებს, თუმცა ფრაქცია საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას გააგრძელებს.
"ეს გადაწყვეტილება ეხება მარტო მამუკა ხაზარაძეს. ფრაქცია გააგრძელეს მუშაობას პარლამენტში, რომ ყველა ტრიბუნა, რომელიც ლელოს გააჩნია, იქნას გამოყენებული", - თქვა მან.
აღსანიშნავია, რომ მამუკა ხაზარაძისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტა ფრაქცია "ლელო-საქართველოსთვის" დაშლას გამოიწვევს, რადგან რეგლამენტის თანახმად, ფრაქციის შესაქმნელად შვიდი დეპუტატია საჭირო. მამუკა ხაზარაძის გარეშე ფრაქციის შემადგენლობაში 6 დეპუტატი დარჩება.
შეგახსენებთ, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ დეპუტატის მანდატს ტოვებს და ბრძოლას ქუჩაში გააგრძელებს.
"მე პოლიტიკაში მოვედი 2 წლის წინ, 2 წლის განმავლობაში არ დამთავრებულა ჩემზე პირადი შეურაცხყოფა, ათასი იარლიყის მოწებება, მაგრამ მივიწევ წინ, ეს ჩემზე არ მოქმედებს. არ მოვსულავ მე პოლიტიკაში იმისთვის, რომ სკამი მდომებოდა ან რაღაცას გავქცეულიყავი.
ჩემი გამოცდილება, რომელიც მე ამ შენობაში მივიღე, მეუბნება, რომ აზრი არ აქვს იმ ადამიანებთან საქმის კეთებას, რომელიც ზურგში დანას გირტყამს და ხმას გართმევს, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება - მე ვტოვებ პარლამენტს, ვტოვებ იმიტომ, რომ თქვენთან ერთად ქუჩაში გავაგრძელო ბრძოლა თავისუფალი საქართველოსთვის, გავაგრძელო ბრძოლა ჩვენი შვილებისთვის", - თქვა ხაზარაძემ.