საპარლამენტო უმცირესობა პრეზიდენტ სააკაშვილის ბრალდებას ბრალდებითვე პასუხობს და ქვეყნის პირველ პირს ულტიმატუმების ენით საუბარში თავად ადანაშაულებს.
"მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ თავის სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ არ დაუშვებს რეგიონების წარმომადგენლებს პარლამენტში ადგილები დააკარგვინოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო წინაპირობა და ულტიმატუმი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების დაწყების წინ", - განაცხადა პარლამენტის დღევანდელ ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ.
მისივე განმარტებით, სრულიად დაუშვებელია, როდესაც პრეზიდენტი წინაპირობებით საუბრობს მაშინ, როდესაც იგივეს ოპოზიციას უწუნებს.
"მოვუწოდებთ "ნაციონალურ მოძრაობას" და პრეზიდენტს, ნუ აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომელმაც შესაძლოა პროცესი გაჭედოს", - განმარტა ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას ის ინიციატივა დაუწუნა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრას მხოლოდ პარტიული სიებით ითვალისწინებს და განმარტა, რომ ეს მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.