„არჩევნების შედეგების მიღება და დემოკრატიული პროცესის ფარგლებში მუშაობის გაგრძელება ფუნდამენტური დემოკრატიული მოვალეობაა“, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა დღეს წარმოადგინეს ძალიან დეტალური, დიფერენცირებული და დაბალანსებული შეფასება, რომელშიც დანახული აქვთ როგორც დადებითი მხარეები და გაუმჯობესება, ასევე ხაზგასმულია ჯერ კიდევ არსებული სისუსტეები.
„ცალსახაა, რომ ეს სისუსტეები უნდა იყოს აღმოფხვრილი და ნებისმიერი საჩივარი უნდა იქნეს განხილული შესაბამისად. ფუნდამენტური დემოკრატიული მოვალეობაა, რომ მიღებულ იქნას არჩევნების შედეგები და მუშაობა გაგრძელდეს დემოკრატიული პროცესის ფარგლებში. ასევე, მინდა მივულოცო ყველას, ვინც აირჩიეს მერის თანამდებობაზე და ასევე საკრებულოში, ვუსურვებ მათ წარმატებას, რათა გააუმჯობესონ და გააძლიერონ ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში და მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ იმუშაოს ყველა მუნიციპალიტეტთან აქტიურად საერთაშირისო პარტნიორების ჩართულობით“,- განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.