არ ვაპირებთ ამ არჩევნების დათმობას, ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიბრძოლებთ აბსოლუტურად ყველა სამართლებრივი და სხვადასხვა გზით, – განაცხადა „დროას“ლიდერმა,ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე.
ხოშტარიას თქმით, აბსოლუტური ტყუილია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ უმრავლეს ქალაქებს იგებენ.
„იმის პარალელურად, რომ ჩვენ ყველა ვიბრძვით სხვადასხვა უბანზე და გვაქვს უშუალო კონტაქტი ჩვენს დამკვირვებლებთან, მოვისმინეთ აბსოლუტურად აღმაშფოთებელი და ტყუილი ბრიფინგი „ქართული ოცნების“ მხრიდან. ერთი, ჩვენ ვხედავთ, რომ ცესკო-ს საიტზე ხდება აბსოლუტურად მანიპულირებული, მხოლოდ „ქართული ოცნების“ უპირატესობის ამსახველი უმეტესი უბნების ატვირთვა, გამოვიდა კობახიძე და არ ვიცით, საიდან მოიგონა აბსოლუტური ტყუილი, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო უმრავლესი ქალაქები. თავისივე ტყუილში ჩვენ ვნახეთ, რომ ლაპარაკი არის ერთ-ორ-სამ-პროცენტიან უპირატესობაზე, რაც მთლიანობაში მეტყველებს აბსოლუტურად დანგრეულ ლეგიტიმაციაზე „ქართული ოცნების“.
თავისივე ტყუილებში ისინი დამაჯერებელ გამარჯვებაზე ვერ საუბრობენ, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, ღამე ამ ციფრების ბრახუნი ემსახურება ერთადერთ რამეს, გატეხონ ჩვენი დამკვირვებლების, ჩვენი მებრძოლი ხალხის განწყობა და მოატყუონ საზოგადოებას, თითქოს „ქართულ ოცნებას“ აქვს უპირატესობა და მიიტაცონ კიდევ ერთხელ არჩევნები. ჩვენ არ ვაპირებთ ამ არჩევნების დათმობას, ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი ამომრჩევლის ხმების დათმობას, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიბრძოლებთ აბსოლუტურად ყველა სამართლებრივი და სხვადასხვა გზით და ვაფრთხილებთ „ქართულ ოცნებას“, მოეშვას წინასწარ მანიპულირებული, ტყუილი განწყობის შექმნას, გავაგრძელოთ უბნებზე ბრძოლა.
მე ახლა ვუყურებდი გლდანში, სადაც გვაქვს დიდი უპირატესობა, იქ ცდილობენ სიტუაციის არევას. ასევე მიდის ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ასევე ბათუმშიც იგივე სურათი არის, აბსოლუტური აბსურდი და სასაცილოა ლაპარაკი იმაზე, რომ ზუგდიდი, ბათუმი და სხვადასხვა ქალაქები მოიგეს. ჩვენს ხალხს აქვს უპირატესობა და არ ვაპირებთ ჩვენი ხალხის ხმების დათმობას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.