"მე აფხაზეთის, სამეგრელოს, კახეთის, ჯავახეთის და ყველა რეგიონის შვილი ვარ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, ახალქალაქში, თბილისი-ახალქალაქის დამაკავშირებელი გზის გახსნის შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
"რამდენიმე დღის წინ სოფელ შამგონაში ვიყავი და იქედან ჩემი თვალით დავინახე აფხაზეთი, რომელიც გასათავისუფლებელი და გველეშაპის კლანჭებისგანაა გამოსახსნელი. რა თქმა უნდა, მე ვარ აფხაზეთის შვილი... ვიყავი სამეგრელოში და ვიყავი წარმოუდგენელი სილამაზის ხეობაში - აბაშის წყალში. ამ ხეობიდან რამდენიმე კილომეტრში არის ჩემი წინაპრების ნასახლარი და იქ ჩემი გული სხვანაირად ძგერს - რა თქმა უნდა, მე ვარ სამეგრელოს შვილი... გუშინ ვიყავი კახეთში და როცა ალაზნის ველიდან გადმოვიხედე, რა თქმა უნდა, ვგრძნობდი, რომ მე ვარ კახეთის შვილი... დღეს ვარ ჯავახეთში და რა თქმა უნდა, მე ვარ ჯავახეთის შვილი", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, ქვეყნის პირველმა პირმა უშუალოდ ჯავახეთის რეგიონზეც ისაუბრა და დასძინა, რომ სწორედ ადგილობრივი ქართველებისა და სომხების ერთობლივი დამსახურებაა, რომ ეს რეგიონი საქართველოს ფარგლებს მიღმა არ აღმოჩნდა.
"ეს მიწა საქართველოშია მხოლოდ იმის გამო, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდგომ წლებში ადგილობრივმა ქართველებმა და სომხებმა ერთმანეთს ჩაჰკიდეს ხელი და ჯავახეთის ყოველი კვადრატული მეტრი დაიცვეს, რათა სხვა მიწების მსგავსად, ისიც არ აღმოჩენილიყო საქართველოს ფარგლებს მიღმა. ჩვენ ერთად შევინარჩუნეთ ჯავახეთი საქართველოსთვის. ჩვენ ერთად მივიყვანთ საქართველოს გაძლიერებას ბოლომდე", - დასძინა ქვეყნის პირველმა პირმა.