ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს საკითხზე რეზოლუციის პროექტს კენჭს ხვალ, 16 ნოემბერს დაგეგმილ სესიაზე უყრის.
რეზოლუციის პროექტში, რომლის სახელწოდებაცაა "სიტუაცია საქართველოში" ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე პროცესები, ასევე ის რეფორმებია შეფასებული, რომელიც საქართველომ ბოლო წლის განმავლობაში გაატარა.
ამასთან, მასში დიდი მნიშვნელობა ეთმობა ნატო-საქართველოს ურთიერთობებს და დევნილების დაბრუნებას. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ნატი მხარს უჭერს საქართველოს პოლიტიკურ კურსს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა ქვეყნებმა, სამსაათიანი ხმაურიანი დებატების შემდეგ, გუშინ, 14 ნოემბერს, სამოქალაქო უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მხარი დაუჭირეს.
აღსანიშნავია, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს საკითხზე მომზადებული რეზოლუციის პროექტით არსებული სახით მიღებას რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რის გამოც ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე რუსი დელეგატის მწვავე გამოსვლას ელოდებიან.