საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაბურულ მინებთან დაკავშირებით ავტომფლობელებისთვის შემოღებულ შეზღუდვებს იწონებს და აცხადებს, რომ "ამაში მოდური და კარგის ნიშანი არაფერი იყო".
"თავიდან, რომ ეს ინიციატივა შევიდა პარლამენტში, ყურში მომხვდა და ვერ მივხვდი, რატომ იყო აუცილებელი, რომ შუშები დაბურული არ ყოფილიყო. შემდეგ, კარგად რომ დავფიქრდი, ვანოსთან დავჯექი და შემოვიღეთ ისეთი სტანდარტები, რომელსაც არავისთვის შეექმნა პრობლემები, მივხვდი, რომ დაბურული მინები მხოლოდ ძალიან ჩამორჩენილ ქვეყნებში, ძალიან ჩამორჩენილ საზოგადოებას აქვს.
არსად - ნორმალურ, განვითარებულ საზოგადოებაში ჩაბნელებულშუშიანი მანქანებით არავინ დადის. ეს არ არის არც მოდაში და არც არაფერი კარგის ნიშანია მასში", - განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს მძღოლებისთვის შემოღებულ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი დღეს თბილისი-ახალქალაქის ახლადგახსნილ გზაზე დედის - გიული ალასანიას მანქანით გამოჩნდა და მაგისტრალი პირველად თავადვე გამოსცადა.
შეგახსენებთ, რომ დაბურულ მინებთან დაკავშირებით შეზღუდვები ძალაში 10 ნოემბრიდან შევიდა.