სააკაშვილთან საპატიმროში შემსვლელთა სიას „ნაციონალური მოძრაობიდან“ მაწვდიან, ნონა მამულაშვილი ამ სიაში არ წერია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
კახა კუჭავას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ წევრზე შეზღუდვა არ ჰქონია.
„ერთადერთი, რაზეც შევთანხმდით მათთან, რომ მაწვდიან სიას, რომლის მიხედვით ვახდენ მათზე უფლების დაშვებას. ნონა მამულაშვილი ამ სიაში არ წერია და თუ რამე შიდა დაპირისპირება აქვთ, მათი პრობლემაა, მე არ მადარდებს.
ნონა მამულაშვილთან მე რაც მაქვს პრობლემა, როდესაც მოდის პარლამენტში და თანამშრომლებს, თანაშემწესთან ერთად აყენებს წარმოუდგენელი სიტყვებით შეურაცხყოფას, უბრალოდ სამარცხვინოა დეპუტატისგან მსგავსი საქციელი, მით უმეტეს იქ, სადაც მუშაობს. დეპუტატებზე, ერთმანეთზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე კრიტიკა ჩვეულებრივი ცხოვრების წესია, შევეგუეთ, სამწუხაროდ, მაგრამ როდესაც თანამშრომლებზე გადადიხარ, არ დავუშვებ, ვიდრე ბოდიშს არ მოუხდის მათ. მე არ ვთხოვ საჯარო ბოდიშს, მივიდეს და მოუბოდიშოს ის საქციელი მან და მისმა თანაშემწემ, რაც იკადრეს. საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ შევა, არ შევა. მოდის ჩემთან განცხადება, ვაძლევ უფლებას და ვუშვებ.
აქვე უნდა განვმარტო, სრულიად ჩემი დისკრეციაა, მივცე თუ არა დეპუტატს შესვლის უფლება. მე იმიტომ არა, რომ კახა კუჭავა ვარ, ეს არის თავმჯდომარის უფლებამოსილება, ასე იყო მანამდეც, ასე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც. ნონა მამულაშვილი იქცევა სამარცხვინოდ პარლამენტის თანამშრომლების მიმართ. ვიდრე ბოდიშს არ მოიხდის, არ ვაპირებ დავუშვა, ჩემი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა კახა კუჭავამ.