საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლისაბონის სამიტის პარალელურად, ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.
ამის შესახებ ინფორმაცია მედიას დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ნინო კალანდაძემ მიაწოდა.
"სამიტის პარალელურად, 20 ნოემბერს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების მეთაურების შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრება. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე სახელმწიფოს პირველ პირსაც შეხვდება, მათ შორის, უკვე დაზუსტებულია გასაუბრება დიდი ბრიტანეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან და თურქეთის პრეზიდენთან", - განმარტა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ 19-20 ნოემბერს, პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში ნატოს ყოველწლიური სამიტი გაიმართება. მას ორგანიზაციის წევრი და პარტნიორი ქვეყნების მეთაურები და უმაღლესი რანგის პირები დაესწრებიან. სამიტის ფარგლებში რიგი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაა დაგეგმილი, მათ შორის ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციის მიღება და განხილვა, რიგ საკითხთან მიმართებაში ავღანეთის ხელისუფლებისთვის ძალაუფლების ოფიციალურად გადაცემა, სამომავალო მიმართულებების დაგეგმვა, გატარებული რეფორმების შეფასება და სხვა.