საქართველო კანადაში საკუთარ დიპლომატიურ წარმომადგენლობას ხსნის.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს საელჩო ოტავაში 19 ნოემბერს ამოქმედდება.
"აქამდე, ჩვენ კანადაში დიპლომატიური წარმომადგენლობა არ გვქონდა და ეს ქვეყანა ვაშინგტონიდან იფარებოდა, რაც საკმაოდ რთული და მაინცდამაინც წარმატებული პროცესი არ იყო. აქედან გამომდინარე, ოტავაში საქართველოს საელჩოს გახსნა მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა", - განმარტა კალანდაძემ, თუმცა ელჩის ვინაობა არ დაუკონკრეტებია.
მისივე განმარტებით, ქართული დელეგაცია, რომელიც საქართველოს დიპწარმომადგენლობის გასახსნელად გაემგზავრება, კანადაში რიგ შეხვედრასაც გამართავენ. უფრო კონკრეტულად, დაგეგმილია შეხვედრა საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, რომლებთანაც ეკონომიკური პროექტები იქნება განხილული.