23 ოქტომბერს ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ, რომელსაც მთელი მსოფლიო პელეს მეტსახლით იცნობს, 81 წლის გახდა.
პელემ სპორტული კარიერა 1977 წელს დაასრულა, მაგრამ იგი დღემდე რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და სახელმოხვეჭილ ადამიანად.
პელე ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელიც სამჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (1958, 1962 და 1970). მისი რეკორდი ყველაზე მეტი გატანილი გოლით - 1 281 და 1 363 ჩატარებული მატჩით ჯერჯერობით არავის გაუუმჯობესებია.
FIFA-მ პელე მსოფლიოს უდიდეს ფეხბურთელად, ხოლო საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მე-20 საუკუნის სპორტსმენად დაასახელა.
მიუხედავად ამისა პელეს ბიოგრაფიაში ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ეპიზოდი. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.
როგორ "შეაჩერა" პელემ ომი. მატჩის დროს
1960-იან წლებში სანტოსი (კლუბი, რომელშიც პელე თამაშობდა) იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლუბი, რომელმაც სახელი მთელს მსოფლიოში ფასიანი ამხანაგური მატჩების ჩატარებით მოიხვეჭა.
ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა 1969 წლის 4 თებერვალს შედგა ნიგერიის ქალაქ ბენინში. სანტოსმა ადგილობრივი გუნდი 2: 1 დაამარცხა.
მაშინ ნიგერიაში ომი მიმდინარეობდა ცენტრალურ მთავრობასა და აღმოსავლეთის პროვინციას შორის, რომლებმაც თავი გამოაცხადეს ბიაფრას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.
კლუბი "სანტოსის" მემატიანის თქმით, ბრაზილიელები, მათი უსაფრთხოების შიშით, მოითხოვდნენ ზავის გამოცხადებას ქვეყანაში ყოფნის დროს და სავარაუდოდ მოწინააღმდეგე მხარეები ამაზე შეთანხმდნენ კიდევ.
პელეს ავტობიოგრაფიაში, რომელიც 1977 წელს გამოიცა, არ არის ნახსენები ეს შემთხვევა, მაგრამ 30 წლის შემდეგ დაწერილ წიგნში პელემ ამაზე ისაუბრა.
პელეს თქმით, მას არ შეუძლია დანამდვილებით თქვას, რომ ოფიციალური ზავი გამოცხადდა, მაგრამ მასპინძლებმა სტუმრები დაარწმუნეს, რომ მათი ნიგერიაში ყოფნის დროს შეტაკებები არ განხორციელდებოდა.
რატომ არ ითამაშა პელემ ევროპულ კლუბში
ბევრი ბრაზილიელი, ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელისგან განსხვავებით, რომლებიც ევროპაში, ძირითადად, ფინანსური მიზეზების გამო გადავიდნენ, პელეს ევროპულ კლუბში არასდროს უთამაშია.
კლუბ სანტოსის ხელმძღვანელობა ყოველთვის უარყოფდა პელეს "გაყიდვის" ყველა შეთავაზებას, მათ შორის მილანიდან და მადრიდის რეალიდან და ფეხბურთელებს, თუნდაც ლეგენდარულებს, იმ დროს არ ჰქონდათ უფლება, თავად გადაეწყვიტათ თავიანთი სპორტული კარიერის ბედი.
1961 წელს ბრაზილიის პრეზიდენტმა საგანგებო დეკრეტით პელე ბრაზილიის "ეროვნულ საგანძურად" გამოაცხადა, რამაც მისი სხვა კლუბებში გადასვლა კიდევ უფრო შეუძლებელი გახადა.
შედეგად, ლეგენდარული მოთამაშე მხოლოდ 35 წლის ასაკში გაემგზავრა ნიუ იორკში, ადგილობრივ კლუბში სათამაშოდ.
როგორ მოირგო პირველად პელემ კაპიტნის სამკლაური ... 50 წლის ასაკში
მთელი კარიერის განმავლობაში პელე უარს ამბობდა გუნდის - სანტოსის ან ეროვნული გუნდის კაპიტნობაზე.
მან კაპიტნის სამკლაური ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოირგო მილანში, 1990 წელს ბრაზილიის ნაკრებისა და მსოფლიოს ნაკრების მატჩის დროს, რომელიც მისი 50 წლის იუბილეს საპატივსაცემოდ მოეწყო - პელეს ეროვნული გუნდიდან წასვლიდან 19 წლის შემდეგ.
მან პირველი ტაიმი მინდორზე გაატარა. ბრაზილიელებმა 2: 1 წააგეს.
როგორ "გაიტაცეს" პელე ტრინიდადში
1972 წლის 5 სექტემბერს, სანტოსი შეხვედრას მართავდა ტრინიდადი და ტობაგოს დედაქალაქში, სადაც იმ დროს სამოქალაქო არეულობა იყო. აეროპორტიდან ქალაქის ცენტრისკენ მიმავალი მოთამაშეები ხედავდნენ თუ როგორ გადაადგილდებოდნენ ქალაქში ტანკები.
როდესაც 43-ე წუთზე პელემ გოლი გაიტანა, აღფრთოვანებული გულშემატკივარი მოედანზე გადმოვიდა, პელე მხრებზე შეისვა და ქალაქის ქუჩებში გაატარა.
მოგვიანებით, პელე იხსენებდა, რომ ქალაქში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ამ ფაქტმა ძალიან შეაშინა.
ფეხბურთის მეფე და ბრაზილიის პრეზიდენტი
1990 წელს პელემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განიხილავს ბრაზილიის პრეზიდენტად საკუთარ კანდიდატურას 1994 წლის არჩევნებში.
განზრახვა შეუსრულებელი დარჩა, მაგრამ 1995-1998 წლებში პელე იყო სპორტის მინისტრი. ამ თანამდებობაზე მუშაობისას პელეს დამსახურებით მიიღეს კანონი, რომელმაც გააფართოვა ფეხბურთელების უფლებები კლუბის ხელმძღვანელებთან ურთიერთობაში. ამ უფლებების მიღებაზე მისი თაობის ფეხბურთელები ოცნებობდნენ.
ფოტო: Getty Images