საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით ბაქრაძე პოლონეთში მიმდინარე საპარლამენტო ასამბლეაზე ნატოს წევრი ქვეყნების დელეგაციების თავჯდომარეებს სიტყვით მიმართავს.
საუბარი დახურულ რეჟიმში წარიმართება და ძირითადად საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე იქნება საუბარი.
აღნიშნული რეზოლუცია ნატოს ქვეყნების წარმომადგენლებმა სამოქალაქო უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე უკვე განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
რეზოლუცია სახელად "სიტუაცია საქართველოში" ეხება როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმებს, ასევე მის საგარეო კურსს.
"რეზოლუციაში ასახულია ყველა ის ფაქტი, რაც ქვეყნის მოსახლეობას აღელვებს. ძირითადი თემაა საქართველოს ნატოში გაწევრიანება და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია. რეზოლუცია ოფიციალურად დამტკიცდება, როდესაც კენჭს უყრის პლენარული სხდომა. რეზოლუციის მიღება და თანმდევი დებატები კარგ ფონს ქმნის იმისთვის, რომ საქართველო განვიხილოთ, როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვეყნად", - განაცხადა ბაქრაძემ.
ასევე იგეგმება ბაქრაძის შეხვედრა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მოქმედ და მომდევნო თავჯდომარეებთან შეხვედრა. რეზოლუციის მიღება საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე ხვალ იგეგმება.