შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ქართულ მხარეს აქვს საკმარისი საშუალებები, როგორც ტექნიკური, ისე ოპერატიული, იმისათვის, რომ ნებისმიერი მცდელობა საქართველოს წინააღმდეგ დივერსიის განხორციელებისა, აღკვეთილი იქნას. ამის შესახებ მერაბიშვილმა განაცხადა "იმედის" ეთერში, სადაც ლარისის საბაჟო გამშვები პუნქტზე და ჩრდ. კავკასიიდან მომდინარე დივერსიულ საშიშროებაზე ისაუბრა.
მერაბიშვილის აზრით, ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნით საქართველოსთვის არანაირი დივერსიული საფრთხე არ გაზრდილა. მისი თქმით, ის ვინც საქართველოში დივერისულ აქტებს გეგმავს, სხვა სასაზღვრო პუნტქიდანაც შეუძლია ქვეყანაში შემოსვლა. შს მინისტრის განმარტებით, "ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნა მეგობრებისთვის გაღებული კარია".
"უფრო მეტიც, ასეთი ადამიანისთვის გაცილებით ადვილია სხვა სასაზღვრო პუნქტიდან შემოსვლა, ეს იქნება თბილისის აეროპორტიდან, თუ მეზობელი აზერბაიჯანიდან, თუ სომხეთიდან. თქვენ იცით, რომ ბათუმში,O ყოველდღიურად დადის სოჭიდან ხომალდი. უამრავი საჰაერო ფრენებია სხვადასვხ ქვეყნებიდან. ბოროტი განზრახვის მქონე ადამიანს ისედაც არ ჰქონდა შეფერხება საქართველოში შემოსვლის. ეს არის მხოლოდ საქართველოს მეგობრებისთვის გაღებული კარი. ჩვენ გვაქვს საკმარისი საშუალებები, როგორც ტექნიკური, ისე ოპერატიული, რომ ნებისმიერი მცდელობა საქართველოს წინააღმდეგ დივერსიის განხორციელებისა იქნას აღკვეთილი", - განაცხადა მერაბიშვილმა და დასძინა, რომ აღნიშნული პუნქტი ქართულ მხარეს საშუალებას აძლევს უფრო მეტი ინფორმაცია მოიპოვოს და დაკვირვება აწარმოოს მოწინააღმდეგეზე.
"შესაბამისად მოვახდენთ პრევენციას მათი მხრიდან დევერსიული ან აგრესიული ქმედებების აღსაკვეთად", - განმარტა მერაბიშვილმა.