ახლა საჭიროა ყოველდღიური აქციები სხვადასხვა ფორმით - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც საზოგადოებას მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო.
"მეგობრებო, თანამოქალაქეებო, თანამემამულეებო, უსაზღვროდ ვამაყობ თქვენით, თქვენი ნათელი სახეებით, ინტელექტით, ღირსების განცდით, თქვენმა სიტყვებმა და ამხელა თანადგომამ დიდი ენერგია მომცა, მართლა ფრთები შემასხა.
რა თქმა უნდა რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს რომ არ გამათავისუფლოს, მაგრამ ეს მას არ გამოუვა. ამიტომ ახლა საჭიროა ყოველდღიური აქციები სხვადასხვა ფორმით, ყველგან საქართველოში, რადგან ბოლომდე შევძლებ თქვენს დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელი და გარეთ ვიქნები და ამის გაკეთება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ და გარეთ რომ ვიქნები ერთად სასწაულებს მოვახდენთ ზუსტად ვიცი.
ჩემი გათავისუფლებისთვის ბრძოლის პარალელურად, ვემზადებით და ვიბრძვით არჩევნებში გამარჯვებისთვის.
გუშინდელმა დღემ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ არჩევნებსაც მოვიგებთ და მეც თავისუფალი ვიქნები. ჩემი გათავისუფლების ტემპი და ზუსტი დრო კი ახლა თქვენს ყოველდღიურ ორგანიზებაზეა დამოკიდებული.
მინდა მივმართო ემიგრანტებს, თვის ბოლოსთვის ერთი კვირით მაინც ჩამოდით საქართველოში გადამწყვეტი ბრძოლისთვის. სიტუაცია მომწიფებულია და ახალ მოდუნება დანაშაულის ტოლფასია. გამარჯვება მართლა ხელის გაწვდენაზეა და ამ ჭაობიდან ყველა ერთად ამოვალთ ძალიან მალე. ჩვენ გვჭირდება დამატებით მრავალი ათასი ემიგრანტი, ვიცი გადაადგილება ბევრ სირთულესთანაა კავშირში, მაგრამ ახლა ეს გადამწყვეტი უპირატესობის მომტანი იქნება ხმების დასაცავად და ჩემს მხარდასაჭერად", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.