ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფება უკრაინაში, სადაც კიევის მე-4 უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობდა.F
ევროპისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და ექსპერტები.
ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი ბარამიძემ ისაუბრა საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე წარმატებულ რეფორმებზე, ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასა და საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე.
"მიუხედავად საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ყველა სხვა თანმდევი საფრთხეებისა, ქვეყანა განაგრძობს რეფორმების განხორციელებას. მათ შორის, შეუპოვარ ბრძოლას კორუფციასთან, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის ხარისხის გაუმჯობესებას, პოლიციის რეფორმას, ეკონომიკურ ლიბერალიზაციას, რეფორმებს ენერგეტიკის სფეროში, რამაც საერთაშორისო აღიარება ჰპოვა და ბევრი ქვეყნისათვის მაგალითს წარმოადგენს", - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.
ვიცე-პრემიერ-მინისტრის ვიზიტმა უკრაინული მედიის დიდი ინტერესი გამოიწვია. ჟურნალისტებთან გამოსვლებში ბარამიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე უკრაინაში ჩატარებული არჩევნების შემდეგ. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს ურთიერთობები ეფუძნება საქართველოსა და უკრაინის საზოგადოებების ეროვნულ ინტერესებს, რაც განაპირობებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას მომავალშიც.
მასალის გამოყენების პირობები