ხვალ, 13 ნოემბერს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საქართველოს პარლამენტის წევრებისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის პროგრამული ბიუჯეტის თემაზე სემინარი გაიმართება.
სემინარს გაუძღვება საერთაშორისო ექსპერტი, რომელიც მიმოიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: მიმდინარე საბიუჯეტო რეფორმა, სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისას ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტების გათვალისწინება, მართვის გამჭვირვალობა და მართვის საინფორმაციო სისტემები.
სემინარის ორგანიზატორია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).
ორწლიანი ინიციატივის ფარგლებში UNDP ტექნიკურ და საექსპერტო დახმარებას უწევს საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო უფლებამოსილების ოთხივე სფეროში: წარმომადგენლობა, კანონშემოქმედება, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობა და ქვეყნის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა.
პროექტის ერთ-ერთი მიმართულებაა პარლამენტის ხელშეწყობა სახელმწიფოს
წლიური საბიუჯეტო ციკლის პროცესებში ეფექტური მონაწილეობისთვის.
საქართველოს ახალი საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, 2013 წლიდან ყველა
საბიუჯეტო ორგანიზაცია პროგრამულ ბიუჯეტირებაზე გადადის. 2010 წელს ამ
რეფორმის განხორციელებაში 6 საპილოტო სამინისტრო მონაწილეობს:
იუსტიციის; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; განათლებისა
და მეცნიერების; სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების საკითხთა; სოფლის მეურნეობის; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების.