"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ რუსთავის ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი აღფრთოვანებულია არჩევნების შედეგებით, განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი მისთვის თბილისის მონაცემები აღმოჩნდა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, ქართველმა ხალხმა უნდა იბრძოლოს და ოპოზიციამ გამარჯვება მეორე ტურში ბოლომდე უნდა მიიყვანოს.
"მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვისგანაც შეიტყო რა მოხდა გუშინ ქვეყანაში, რა შედეგები დადგა. სრულიად აღფრთოვანებული დარჩა იმ შედეგებით, რაც მას ვუთხარი, განსაკუთრებით თბილისის მონაცემი იყო მისთვის შთამბეჭდავი. ესმის რა ბრძოლა გაიარა ქართველმა ხალხმა, რა წნეხის ქვეშ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო და არაჩვეულებრივად იცის, გაყალბების, მოსყიდვის, შანტაჟის ფონზე, როგორი მისაღწევია ასეთი შედეგის გაფორმება. თორემ იცის, რომ გაცილებით დიდი და მაღალი პროცენტია ოპოზიციის მაჩვენებელი. მეორე ტურში მონაწილეობაზე ცალსახად თქვა, რომ გამარჯვების ხელიდან გაგდება გაუმართლებელია. ბოლომდე უნდა იბრძოლოს ქართველმა ხალხმა და განსაკუთრებული სიმტკიცე, ძალისხმევა სთხოვა ნიკა მელიას, რომ მან თავისი დიდი მონაპოვარი ბოლომდე მიიყვანოს", - ამბობს ეკა ხერხეულიძე.