ამ საღამოს შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია პოლიტიკურად პრაქტიკულად აღარ არსებობს, მაგრამ ამას, ხვალ „ქართული ოცნების“ გამარჯვებით სჭირდება საბოლოო ბეჭდის დასმა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„ეს დესტრუქციული ძალები ემზადებოდნენ ქვეყნის ასარევად, მათ არ უწარმოებიათ წინასაარჩევნო კამპანია. ჩვენ მედიის საშუალებით ამას დღეში რამდენჯერმე ვეუბნებოდით საზოგადოებას, რომ ეს ხალხი არ ემზადებიან არჩევნებისთვის, არამედ 3 ოქტომბრისთვის. სწორედ ეს პროვოკაცია, ქვეყნის არევის მცდელობა ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ნაწარმოებმა მნიშვნელოვანმა ოპერაციამ სამართალდამცველებთან ერთად აგვარიდა თავიდან და კიდევ ერთხელ მინდა მათ მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა წულუკიანმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რამდენიმე საათის წინ დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ის რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.